სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში 2030 წლისთვის შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მონაცემების განულებას - ირაკლი კობახიძე
სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე - სიღარიბის განულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა.
„უკვე შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ჩვენი თანამოქალაქეების 11,8%, რაც ნიშნავს იმას, რომ 440 ათასი არის მაჩვენებელი. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე 680 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. თუმცა, ჩვენთვის რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. როცა ჩვენი 440 ათასი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თუმცა, უკვე წელს ველოდებით სიღარიბის მაჩვენებლის სერიოზულ კლებას. იმედი გვაქვს, წლის ბოლოს ერთნიშნამდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი და ამ ტემპით უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბარია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, სწორედ ამას მოაქვს სიღარიბის და უმუშევრობის შემცირება, დასაქმება და ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტემპები.
„მთავარია, ეს ტემპები შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 2030 წლისთვის უკვე შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მიმართულებით მონაცემების განულებას. ეს არის აბსოლუტურად რეალური. 2028 წლისთვის ეს მონაცემები უკვე მინიმუმამდე დავა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება
20.08.2026.19:00
Fitch-მა ხუთშაბათს აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „AA+“-ზე უცვლელად დატოვა, პროგნოზი კი „სტაბილურად“ შეაფასა. სააგენტომ გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავალი და აშშ დოლარის, როგორც მსოფლიოში წამყვანი სარეზერვო ვალუტის სტატუსი.
სააგენტოს განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა გაზრდილი ტარიფების, სახელმწიფო ხარჯების შემცირების, საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისა და პოლიტიკურ გაურკვევლობის ზრდის მიუხედავად. ეს, სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის შოკებისადმი გამკლავების უნარსა და ეკონომიკურ მოქნილობაზე მიუთითებს.
ამასთან, Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება, რაც 2025 წელს დაფიქსირებულ 2.8%-იან ზრდაზე დაბალია. სააგენტომ ასევე აღნიშნა შრომაზე მოთხოვნის შესუსტება და მიმდინარე წელს სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის მნიშვნელოვანი შენელება.
ინფლაცია კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. სააგენტო ელოდება, რომ 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4% იქნება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია. ტარიფებმა საბაზისო საქონლის ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მათი გავლენა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.
Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ზოგადი სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის 7.4%-მდე გაიზრდება და 2027 წელსაც ამ დონეზე შენარჩუნდება.