მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

Silk Road ჯგუფი აქტიურად აფართოებს საქმიანობას უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სეგმენტებში, რაც ძირითადი პროექტების დასრულების შემდეგ ჯგუფის ბიზნესის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს - Fitch Ratings

news image
mbc image

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Silk Road Group Holding LLC-ის გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) „BB-“ დონეზე, სტაბილური პერსპექტივით დაადასტურა. რეიტინგები ასახავს Silk Road-ის მფლობელობაში არსებული Silknet-ის, საქართველოს სიდიდით მეორე სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, სტაბილურ საბაზრო პოზიციებს, ასევე ჯგუფის მომგებიან საქმიანობას პრემიუმკლასის სასტუმროებისა მიმართულებით. აღნიშნული ბიზნესები წარმოქმნის მნიშვნელოვან ფულად ნაკადებს, რომლებიც, Fitch-ის მოლოდინით, ძირითადად საკმარისი იქნება Silk Road-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ახალი უძრავი ქონების პროექტების დასაფინანსებლად. ,,Silk Road-ის საკრედიტო პროფილს, უპირველეს ყოვლისა, მისი სატელეკომუნიკაციო სეგმენტი განსაზღვრავს. ჯგუფის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია Silknet 2025 წელს ჯგუფის კორექტირებული EBITDA-ს (კომპანიის განმარტებით) თითქმის 90%-ს უზრუნველყოფდა.

Silk Road წარმოადგენს დივერსიფიცირებულ კონგლომერატს, რომელიც საქმიანობს ტელეკომუნიკაციების, სასტუმროებისა და კაზინოების, ასევე უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის მიმართულებით, თუმცა მისი საქმიანობის საერთო მასშტაბი შედარებით მცირეა.

მოსალოდნელია, რომ მომავალში სხვა სეგმენტების წვლილი გაიზრდება, თუმცა ტელეკომუნიკაციები კვლავ დარჩება ჯგუფის უდიდეს ბიზნესმიმართულებად და თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) ფორმირების ძირითად წყაროდ. Fitch-ის მოლოდინით, Silknet შეინარჩუნებს კონკურენტულ პოზიციებს საქართველოს მაღალკონსოლიდირებულ, თუმცა შედარებით სტაბილურ და მცირე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის მომხმარებელთა რაოდენობა 6.1 მილიონს, ხოლო საცალო ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 1.2 მილიონს შეადგენდა. Fitch მიიჩნევს, რომ Silknet-ს, სულ მცირე, საშუალოვადიან პერიოდში ზრდის პოზიტიური პერსპექტივა აქვს, რასაც 5G ქსელის განვითარება და ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესება უწყობს ხელს. 2026 წლის მეორე კვარტალში Silknet-ის ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა წლიურად 6.2%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მთლიანად ბაზრის 3.5%-იან ზრდას. პარალელურად, კომპანია აგრძელებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შერჩევით განახლებას”, - აღნიშნულია Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამასთან, სარეიტინგო სააგენტო ჯგუფის ბიზნესის დივერსიფიკაციაზე საუბრობს  უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის მიმართულებით.

,,Silk Road აქტიურად აფართოებს საქმიანობას უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სეგმენტებში, რაც ძირითადი პროექტების დასრულების შემდეგ ჯგუფის ბიზნესის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. ახალი დეველოპერული პროექტები განხორციელდება მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უკვე სრულად ეკუთვნის Silk Road-ს, რაც საჭირო საინვესტიციო დანახარჯებს ამცირებს. Silk Road-მა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბათუმში მდებარე თავისი ფლაგმანური საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის, Silk Towers-ის, წინასწარი მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, რაც პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.

კომპანიის შეფასებით, 2026 წლის ივნისისთვის გასაყიდად დაგეგმილი საცხოვრებელი ერთეულების 30% უკვე წინასწარ გაყიდული ან მყიდველებისთვის დაჯავშნილი იყო”, - აღნიშნულია ანგარიშში. Fitch-ის პროგნოზით, Silknet და ჯგუფის არსებული სასტუმრო ბიზნესი კვლავ შეინარჩუნებენ ფულადი ნაკადების გენერირების მაღალ შესაძლებლობას, ხოლო შიდა რესურსებით მიღებული ფულადი სახსრების უდიდესი ნაწილი ახალი უძრავი ქონების პროექტების განვითარებას მოხმარდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანაში ფინანსური ნაკადების წმინდა შემოდინებამ მიმდინარე ანგარიშის დადებით ბალანსზე მკვეთრად მეტი - დაახლოებით 0.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც სებ-ის მთლიანი რეზერვების რეკორდული, 969 მილიონი აშშ დოლარით ზრდა განაპირობა | TBC Capital

12.10.2026.09:40

რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება 

თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა ბალანსმა 2026 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის 0.4% შეადგინა და, უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, პროფიციტში ნარჩუნდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო, ანუ უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების ჯამური შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. 2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე.

ამავდროულად, სახეზეა გარკვეული შენელებაც - მეორე კვარტლის პროფიციტი მხოლოდ მცირედით აღემატება პირველი კვარტლის იმავე მაჩვენებელს (მშპ-ის 0.1%), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია. ეს პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდების წლიურ ჭრილში ფაქტობრივად გაორმაგებას უკავშირდება, რამაც სხვა წყაროებით გაზრდილი შემოდინებები გადაფარა. ჯამურად, რეინვესტიციებისა და სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მშპ-ის 0.2% შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირებულ 1.3%-იან მაჩვენებელს შესამჩნევად ჩამორჩება.

თანხობრივად, იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 158 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა. აღნიშნულში მთავარი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა, ფულადმა გზავნილებმა და საქონლით ვაჭრობის შემცირებულმა დეფიციტმა შეიტანა. საპირისპირო მხარეს, გაიზარდა დივიდენდების გადახდა და შემცირდა ტრანსპორტირებისა და ტურიზმის წმინდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. 

უფრო დეტალურად, წლის პირველ ნახევარში ICT მომსახურების წმინდა ექსპორტი წლიურად 73%-ით გაიზარდა და ეკონომიკურ ზრდაში მთავარი კომპონენტის პოზიციაც შეინარჩუნა, თუმცა 2025 წლის მეოთხე კვარტლიდან, დაახლოებით, ერთ დონეზე ნარჩუნდება. წლიურად 11%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები, რაშიც უდიდესი წვლილიევროკავშირიდან და აშშ-დან გადმორიცხულმა თანხებმა შეიტანა, ხოლო საქონლის ექსპორტის მძლავრი დინამიკისა და, მეტწილად ავტომობილების იმპორტის კლებით გამოწვეული, იმპორტის შედარებით სუსტი ზრდის ფონზე, შემცირდა საქონლით ვაჭრობის დეფიციტიც. 

თავის მხრივ, დივიდენდების წმინდა გადინება 2026 წლის პირველ ნახევარში წლიურად 55%-ით გაიზარდა და 816 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. გარკვეული შემცირება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებშიც, ხოლო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები წლიურად 2%-ით შემცირდა. 

მიუხედავად ამისა, გასული ხუთი კვარტლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის ჯამურმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, 360 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც ლარის გამყარებასა და ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების აქტიურ დაგროვებას შეუწყო ხელი. თუმცა, რეზერვების დაგროვების უდიდესი ნაწილი ფინანსური ანგარიშის, კერძოდ კი ბანკების მიერ მოზიდული უცხოური დაფინანსების, ხარჯზე მოხდა.

ფინანსური ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ დაიხარჯა მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორ დაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან. თუ ფინანსური და მიმდინარე ანგარიშის ბალანსების ჯამი დადებითია, ეს სებ-ს სავალუტო რეზერვების დაგროვების საშუალებას აძლევს. 2026 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანაში ფინანსური ნაკადების წმინდა შემოდინებამ მიმდინარე ანგარიშის დადებით ბალანსზე მკვეთრად მეტი - დაახლოებით 0.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც სებ-ის მთლიანი რეზერვების რეკორდული, 969 მილიონი აშშ დოლარით ზრდა განაპირობა.

პირველი კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც პორტფელური შემოდინებების ძირითადი წყარო რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების გაყიდვა იყო, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ფინანსური შემოდინებები ძირითადად საზღვარგარეთ ახალი ვალდებულებების აღებას ასახავდა, რომლის მთავარი წყაროც ბანკები იყვნენ. ბანკებმა 2026 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთიდან სესხების, ობლიგაციებისა და არარეზიდენტების დეპოზიტების სახით  რეკორდული 921 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდეს, ხოლო უცხოურ აქტივებში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინების შემდეგ, ამ არხიდან ქვეყანაში წმინდა შემოდინებამ 664 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სებ-ის რეზერვების კვარტალური ნაზრდის ორ მესამედზე მეტია. თუმცა საბანკო ნაკადები ფინანსური ანგარიშის ყველაზე ცვალებადი კომპონენტია, რაც ნაწილობრივ ბანკების მიერ უცხოური ლიკვიდობის ბუფერების კორექტირებას ასახავს.

გარდა ამისა, მეორე კვარტალში 156 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა წმინდა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა რეინვესტიციების გამორიცხვით, ხოლო, ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესის შედეგად, არარეზიდენტების მიერ საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების შესყიდვამ მთავრობის მიერ საგარეო ვალის დაფარვას 57 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა. ამ ფონზე, ქვეყნის რეზიდენტებმა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი დააბანდეს უცხოურ აქციებსა და საინვესტიციო ფონდებში. ივნისის ბოლოსთვის, რეზიდენტების (მათ შორის ბანკების) მფლობელობაში არსებული უცხოური პორტფელური აქტივების ღირებულებამ, რომელიც 2022 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, 5.1 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ მშპ-ის 12.6%-ს მიაღწია.

ჯამურად, ვინაიდან გასული ხუთი კვარტლის განმავლობაში მთლიანი სავალუტო შემოდინებები გასავლებს აღემატებოდა, სებ-ის სავალუტო რეზერვები 2.6 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, საიდანაც მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსის წვლილი 0.4 მილიარდს უტოლდებოდა, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წვლილი 0.6 მილიარდს, ბანკების წვლილი 1.2 მილიარდს, ხოლო მთავრობის წვლილი 0.3 მილიარდ აშშ დოლარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეინვესტიციების გამორიცხვით მიმდინარე ანგარიშის დადებითმა ბალანსმა რეზერვებზე სავალუტო გადინებების ზეწოლა მოხსნა, ხოლო დამატებითი რეზერვების დაგროვება კაპიტალის, განსაკუთრებით კი საბანკო, ნაკადების ზრდის შედეგად გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ რეზერვების დაგროვება კვლავ გრძელდება. ეროვნულმა ბანკმა ივლისსა და აგვისტოში სავალუტო ბაზარზე დამატებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა, რის შედეგადაც, მთლიანი რეზერვები 8.1 მილიარდ დოლარამდე, წმინდა რეზერვები კი 5.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სარეზერვო ოქროს ფასის შემცირების მიუხედავად, ბოლო მონაცემებით, რეზერვების ზრდა გაგრძელდა სექტემბერშიც და მთლიანმა მოცულობამ 8.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის დონის 128.7%-ს უტოლდება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მესამე კვარტალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის ფონზე, რამაც რუსეთიდან და ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილებისსანქციებით გამოწვეული კლება დააბალანსა. ამ ნაკადის კუთხით, მოსალოდნელია, რომ შემოდინებები გაგრძელდება, თუმცა მათი ნაწილი სავარაუდოდ სხვა ფულადი გზავნილების სისტემებზე, ნაწილი კი სხვა არხებზე გადაინაცვლებს, ამიტომ გაურკვევლობის დონე მაღალია. ამავდროულად, ICT ექსპორტის მაღალი საბაზო ეფექტი და დივიდენდების გაზრდილი გადინება მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაზე, სავარაუდოდ, მცირედით უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზით, რეინვესტიციების გამორიცხვით მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წელს მშპ-ის 1.0%-ის ნაცვლად დაახლოებით 0.7-0.8%-ს გაუტოლდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: 

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007726-macro-update-georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა