სილქნეტი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" აქტიურად აგრძელებს საქმიანობას და ზრუნავს ბენეფიციარების სხვადასხვა საჭიროებაზე - ჯანმრთელობის, განათლების, პროფესიული გადამზადებისა და ადაპტაციის კუთხით. ფონდის შემომწირველები დონაციამ 2026 წლის პირველ კვარტალში 561,749.00 ლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან ფონდმა 129 000 ლარის დახმარება გაუწია 32 ბენეფიციარს, მათ შორის დაჭრილ მებრძოლებს, მებრძოლთა არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებს.
გაწეული დახმარებებია:
1. გადაუდებელი ოპერაციები - 64 163 ლარი
2. სამინისტროსთან ერთად 50% თანადაფინანსება - 17 677 ლარი
3. მეუღლეების დახმარება - 9 708 ლარი
4. სამედიცინო მომსახურება - 8 646 ლარი
5. პროფესიული გადამზადება - 7 628 ლარი
6. მედიკამენტები - 6 241 ლარი
7. შვილების დახმარება - 15 156 ლარი
8. ადაპტაცია - 665 ლარი
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის შემომწირველები არიან ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.

ფონდის თანადგომით, შესაძლებელი ხდება ჩატარდეს ბენეფიციარებისთვის ოპერაციები, მათ შორის საზღვარგარეთ, გაეწიოთ დაშავებულ სამხედროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ხდება მედიკამენტებით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი ფართის ადაპტირება. ფონდი აფინანსებს პროფესიული გადამზადების კურსებსაც, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრთა საჭიროებებს.
გარდა ამისა, ფონდი აქტიურად უდგას მხარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტულ გუნდს. გუნდი წარმატებით ასპარეზობს ყოველწლიურად საერთაშორისო ძლიერთა თამაშებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მათ შორის არის მჯდომარე კალათბურთი და მშვილდოსნობა. აღნიშნულ გუნდისთვის სპორტული ინვენტარი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” შეიძინა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით. რაც შეეხება პარამშვილდოსნობას, გუნდი აქტიურად ემზადება 2027 წელს ძლიერთა თამაშებში მონაწილეობისთვის, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება.

დიდი ყურადღება ეთმობა, ასევე, საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას ბენეფიციარებისთვის. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით დაარსებულ ლიდერობის აკადემია „საბადოსა“ და ფონდს შორის გასულ წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც „საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო აქტივობები უფასოდ არის ხელმისაწვდომი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის.
ლიდერობის აკადემია „საბადო“ 2025 წელს გაიხსნა მანგლისში დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით. აკადემია მიზნად ისახავს ლიდერობის უნარების განვითარებას მოზარდებში. ფონდი დიდ მადლობას უხდის აკადემიასა და ბატონ დავით ბეჟუაშვილს, ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერისთვის და მიზნობრივი ინიციატივისთვის. დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანი შვილები 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე "საბადოში" პერიოდულად ესწრებიან სხვადასხვა კურსებს და ვორკშოფებს ინტერესის მიხედვით.
ფონდი მუდმივად ახორციელებს გაწეული საქმიანობის პასუხისმგებლიან ანგარიშგებას. ფინანსური და წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია ფონდის ვებ გვერდზე.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826