სინდიკაციის მეთოდის გამოყენებით, ფინანსთა სამინისტრომ შეძლო იმაზე უფრო მრავალფეროვანი ინვესტორების მოზიდვა, ვიდრე ამას ჩვეულებრივი სახაზინო აუქციონი უზრუნველყოფდა - ენდრიუ ჯუველი
Business Insider Georgia-სთან ენდრიუ ჯუველმა, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ექსკლუზიურად, ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება შეაფასა.
,,საქართველოს პირველი სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივი ბაზრის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციაა. სინდიკაციის მეთოდის გამოყენებით, ფინანსთა სამინისტრომ შეძლო იმაზე უფრო მრავალფეროვანი ინვესტორების მოზიდვა, ვიდრე ამას ჩვეულებრივი სახაზინო აუქციონი უზრუნველყოფდა. ის ფაქტი, რომ მოთხოვნა 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, არარეზიდენტი ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესით - მიუთითებს, რომ სხვადასხვა ტიპის ინვესტორები საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საინვესტიციო ღირებულებას ხედავენ. უფრო დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მეორად ბაზარზე ლიკვიდურობის გაუმჯობესებას, რომელიც ამ ეტაპზე ადგილობრივი ბანკების გრძელვადიანი ფლობის სტრატეგიებით („buy-and-hold“) არის შეზღუდული”, - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
ცნობისთვის, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება. გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან - მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5 ჯერ აღემატება. 5.9 წლიანი ვადიანობის 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65% გადანაწილდა არარეზიდენტ ინვესტორებზე, ხოლო 35% რეზიდენტებზე.ინვესტორთა ტიპების მიხედვით, საკმაოდ დივერსიფიცირებული შედეგი დადგა: 64% განაწილდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიებზე; 24% ადგილობრივ სადაზღვევო და საპენსიო ფონდებზე, 11% კომერციულ ბანკებზე, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე. არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი, ასევე, მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფიულ ჭრილშიც და საბოლოო განაწილებით არარეზიდენტი ინვესტორების 76%-ს გაერთიანებული სამეფოს ინვესტორები შეადგენენ, 19%-ს აშშ-ის, ხოლო 5%-ს ევროკავშირის ინვესტორები.
სხვა სიახლეები
ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს - ეკატერინე მიქაბაძე
31.07.2026.17:20
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობასა და გამყარების ტენდენცია, უპირველეს ყოვლისა, მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს.
როგორც მან აღნიშნა, გარდა ამისა, ლარის სტაბილურობა ქვეყანაში უცხოური ვალუტის მდგრად შემოდინებას ეფუძნება.
"საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ზრდა ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას ეფუძნება და მაღალპროდუქტიული სექტორების განვითარებით არის განპირობებული. საუბარია, პირველ რიგში, ექპორტზე ორიენტირებულ მომსახურების დარგებზე, რომლებიც ამავდროულად, ნაკლებად იმპორტდამოკიდებულია. შესაბამისად, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რაც ქვეყნის საგარეო პოზიციის გაძლიერებაზე მიუთითებს. ამასთან, სუვერენული რისკპრემიის დაბალი დონე და ინვესტორების მზარდი ნდობა ქვეყანაში კაპიტალისა და ფინანსური რესურსების მზარდ შემოდინებაში აისახება. რაც სწორედ ეს შემოდინებები არის იმის საფუძველი, რომ ლარი სტაბილურია და გამყარების ტენდენცია აქვს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მაკროეკონომიკური მყარი ფუნდამენტური და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელია, რაც თავის მხრივ დისინფლაციური გავლენით გამოირჩევა.
„რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, იგი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორია და ეროვნული ბანკი მიმართულია რეზერვების დაგროვებასა დ ამის ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებაზე. ამგვარი, ძლიერი სავალუტო შემოდინებების პირობებში ეროვნულ ბანკს შეუძლია შეისყიდოს უცხოური ვალუტა ისე, რომ გაცვლითი კურსის ტენდენციას ხელი არ შეუშალოს. ეროვნული ბანკის წესებზე დაფუძნებული ინტერვენციები ავტომატურად უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც კურსს ფუნდამენტურად გამყარების ტენდენცია აქვს, მხოლოდ მაშინ ერევა ეროვნული ბანკი ბაზარზე და აქვს შესაძლებლობა შეავსოს რეზერვები. ივნისის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა 7.1 მლრდ აჭარბებდეს და ადეკვატურობის საზომის 112.3%", - აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე.