პროდუქტიულობის ქვეინდექსი მზარდია და სოფლის მეურნეობის დაგრში პროგრესზე მიუთითებს - ლაშა ქავთარაძე
პროდუქტიულობის ქვეინდექსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს და 2017–2024 წლებში სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ სექტორი სხვა დარგებთან შედარებით კვლავ ნაკლებ პროდუქტიულია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ინდექსში 2022 წელს დაფიქსირებული დროებითი შენელება ძირითადად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუარესებით იყო განპირობებული.
„რაც შეეხება ქვეინდექსების დინამიკას, მაგალითად პროდუქტიულობის ქვეინდექსი საკმაოდ მზარდი არის და ეს მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის დარგში გვაქვს პროგრესი პროდუქტიულობის კუთხით. შესაძლოა, ჯამურად სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობა დაბალია სხვა დარგებთან შედარებით, იმიტომ რომ აქ შედარებით მეტი დასაქმებული ნაკლებ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკისთვის, თავად პროდუქტიულობის კუთხით პროგრესი შეიმჩნევა. თუ შევაფასებთ ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობას, მეცხოველეობის პროდუქტების წარმადობას და შრომის პროდუქტიულობას, პროგრესი შესამჩნევია 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. 2022 წელს დაფიქსირდა დროებითი შენელება, რაც ძირითადად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუარესებამ გამოიწვია და შესაძლოა ამინდის პირობებსაც უკავშირდებოდეს.
რაც შეეხება მეორე სექციას - ფასების სტაბილურობას - ეს გარკვეული რყევადობით გამოირჩევა. აქ შედის, როგორც აღვნიშნე, შუალედური საქონლის დანახარჯები, ფასები ფერმის კართან და სურსათის ფასების რყევები. ყველაზე დიდ გავლენას ამ სექციაზე სურსათის ფასების რყევები ახდენს. მაგალითად, 2019–2020 წლებში რყევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეინდექსზე უარყოფითად აისახა. 2021 წელს მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა 2022 წლიდან კვლავ გაიზარდა და გარკვეულწილად 2023 წელსაც გაგრძელდა, ხოლო სტაბილიზაცია 2024 წელს გამოიკვეთა.
რაც შეეხება ინვესტიციების სექციას, მიმართულებითაც პროგრესი ფიქსირდება. 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მაჩვენებლები მზარდია. განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტემპი 2017-2021 წლებში ფიქსირდება, რასაც მოგვიანებით გარკვეული შენელება მოჰყვა. აღნიშნულ ზრდას, ჩვენ 2017 წლიდან ბიზნესის წილის შესამჩნევ მატებას ვუკავშირებთ, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბიზნესის წილი მოკრძალებული არის (დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებშია). ეს პროგრესი უფრო მეტად იყო შესამჩნევი წინა პერიოდებში, ახლა შენელებული არის. შესაბამისად, ეს გამოწვევასაც წარმოადგენს ამ დარგისთვის - სოფლის მეურნეობის სექტორი მოითხოვს მეტს ინვესტიციებს, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც შემდგომ, რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში გადაითარგმნება. ინვესტიციების კომპონენტი ყველაზე მაღალი წონით გამოირჩევა ჩვენს ინდექსში და შესაბამისად, ინდექსის ზრდის ტემპის დაჩქარება მომდევნო პრიოდებში სავსებით შესაძლებელია, თუ ჩვენ ვიხილავთ უფრო გაზრდილ ინვესტიციებს და ბიზნესის უფრო გააქტიურებას სოფლის მეურნეობის დარგში“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826