სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პრაქტიკული ინსტრუმენტი სექტორის ანალიზისთვის
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსს მნიშვნელოვანი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის სექტორის აგრეგირებულ სურათს გვაძლევს, ხოლო ინდექსთან ერთად მომზადებული მიმოხილვები დეტალური ანალიზის საშუალებას ქმნის. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, ინდექსი წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს როგორც ზოგადი შეფასებისთვის, ისე კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისთვის.
„ინდექსის საშუალებით შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ დავინახოთ სექტორის საერთო სურათი. ამასთან, ინდექსს ყოველთვის თან ახლავს დეტალური მიმოხილვა, სადაც უკვე ვაანალიზებთ დარგის სხვადასხვა მიმართულებასა და პროდუქტებს. თუ ინდექსი გვაძლევს აგრეგირებულ სურათს, მიმოხილვის ნაწილი გვაძლევს შესაძლებლობას ჩავუღრმავდეთ დეტალებს. მაგალითად, ვაკვირდებით კონკრეტული პროდუქტების მოსავლიანობას, მათ შორის მარცვლოვანი კულტურების მიხედვით, ვადარებთ სხვა ქვეყნებს და ვაანალიზებთ, რატომ გვასწრებენ ისინი გარკვეულ მიმართულებებში, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც საწყისი პირობები შეიძლება მსგავსი იყოს. ასეთი ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ კონკრეტული გამოწვევები და შესაძლებლობები.
შედეგად, ინდექსი და მისი თანმხლები ანალიზი გვაძლევს საფუძველს მივიღოთ უფრო სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილებები. სწორედ ამ პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.
მისივე თქმით, ინდექსის ფარგლებში უკვე განხორციელდა რიგი პროდუქტების დეტალური ანალიზი და მომავალში მისი გაფართოება იგეგმება, რაც შესაძლებლობას შექმნის პერიოდულად გამოქვეყნდეს ისეთი მიმართულებები, სადაც ბიზნესის ჩართულობის პოტენციალი განსაკუთრებით მაღალია.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.