სოფლის მეურნეობის ინდექსი იძლევა შესაძლებლობას მონიტორინგი გავაკეთოთ და პირდაპირ შევხედოთ კომპონენტებს, რომელში რა პროგრესი გვაქვს - ლაშა ქავთარაძე
Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ტელეკომპანია „მასეტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აცხადებს, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვასა და მონიტორინგს ამარტივებს, რადგან ცხრა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით შესაძლებელი ხდება პროგრესის, გამოწვევებისა და როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის როლის შეფასება.
მისი თქმით, ინდექსი უზრუნველყოფს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სექტორის შედარებას როგორც დროში, ისე საერთაშორისო ჭრილში.
„ინდექსი იძლევა შესაძლებლობას კარგი მონიტორინგი გავაკეთოთ. პირდაპირ შევხედოთ კომპონენტებს, რომელ კომპონენტებში რა პროგრესი გვაქვს. ეს პროგრესი დამაკმაყოფილებელია თუ არ არის დამაკმაყოფილებელი. უფრო მეტად არის სახელმწიფოს როლის გაზრდა თუ ბიზნესის მიმართულებით უფრო მეტი აქტივობა არის საჭირო იმისათვის, რომ პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მერე შევადაროთ სხვა ქვეყნებს - მაგალითად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუმჯობესება ჩვენთან რამდენად უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამ კუთხითაც არის გამოყენებადი ეს ინდექსი. ასევე, რომ შევხედოთ მაგალითად საქონლის შუალედური დანახარჯებს, რომლითაც უნდა იწარმოოს ესა თუ ის პროდუქცია - როგორ არის საერთაშორისო ბაზრებზე მათი ფასები, არის თუ არა მიმართულებები, სადაც შეიძლება უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული როგორც მოსავლიანობის, ისე წარმადობის კუთხით და ასე შემდეგ. ამ თითოეულ ინდიკატორს შეიძლება დავაკვირდეთ სიღრმისეულად. დავაკვირდეთ, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას. ეს პროგრამები შენელდა, რატომ შენელდა? გაჯერდა ეს მიმართულება თუ სხვა პრობლემები არის. მოკლედ, ინდექსი თვითონ შინაარსობრივად ძალიან მარტივი არის - ცხრა ძირითადი ინდიკატორისგან შედგება. პოლიტიკის გამტარებლებს, ასევე კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს თითოეული ინდიკატორის მიხედვით გარკვეული შეფასებები და გადაწყვეტილებები მიიღონ. ამასთან, მოგეხსენებათ დროული და მაღალხარისხიანი მონაცემები რაოდენ მნიშვნელოვანი არის ზოგადად არა მარტო ამ დარგის წარმომადგენლებისთვის, არამედ სხვა სფეროებისთვის. ამიტომაც ვისურვებდით, სოფლის მეურნეობის სექტორის მონაცემები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს, რასაც ავსახავთ ინდექსშიც. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაც ვიხილოთ, უფრო მეტი ინდიკატორები მოვიცვათ - ეს ყველაფერი გამომდინარეობს თუ რა ტიპის მონაცემებზე გვექნება ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.