სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.5 %-ით გაიზარდა - საქსტატი
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.5 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 37.1 პროცენტიანი მატებით, რამაც 5.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.5 პროცენტიანი მატებით, რაც 6.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2 პროცენტით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 14.4 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.92 და 4.27 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.
ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:
• ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი,სიმინდი,მზესუმზირა,კარტოფილი და სხვ.);
• მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.);
• ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.).
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის სტრუქტურა შეესაბამება საქმიანობის სახეობათა მიხედვით პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკატორის (CPA 2008) ევროპულ სტანდარტს. CPA-ის შესაბამისად მოცულია A-სექციის (სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პროდუქცია) 01.1, 01.2 და 01.4 ჯგუფები.
ინდექსის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების წყაროა სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად მიიღება მონაცემები ქვეყნის მასშტაბით პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, საშუალო წველადობის, პირუტყვის საშუალო ნამატის, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი და აღებული ფართობების, წარმოებისა და საშუალო მოსავლიანობის შესახებ, მრავალწლოვანი კულტურების წარმოების, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების რეალიზაციის შესახებ.
ინდექსის გაანგარიშებისათვის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთეულების ღირებულება წარმოადგენს მითითებულ პერიოდში სასოფლო მეურნეობათა მიერ რეალიზებული მემცენარეობის ან/და მეცხოველეობის პროდუქციის ჯამური ღირებულებისა და რეალიზაციის ჯამური მოცულობის ფარდობას. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საშუალო ღირებულებას ფერმის კართან.
სხვა სიახლეები
სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
25.05.2026.12:20
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ - 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.
„ამ 5 წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოცდა.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.