სომხეთი გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებას მოახდენს - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთი გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების პოლიტიკას გააგრძელებს, ბუნებრივი აირის ფასის შესაძლო ცვლილებების მიუხედავად, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ სომხეთს გაზის მეორე ან მესამე წყაროდან მიღების შესაძლებლობა ექნება, ქვეყანა ამ მიმართულებით იმოქმედებს. ამასთან, TRIPP-ის პროექტის ფარგლებში შესაძლო გაზსადენის ამოქმედებამ შესაძლოა სომხეთს სატრანზიტო შემოსავლების მიღების შესაძლებლობაც მისცეს.
„სომხეთში გაზი იაფი არ არის. საზღვრიდან მომხმარებლამდე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ფასის ფორმირების პროცესში ყველაზე დიდი ზრდა სომხეთში ხდება“, - განაცხადა ფაშინიანმა შესაძლო გაძვირების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთის გავლენის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „გაზპრომ არმენია“ მომგებიანი კომპანიაა.
„მინდა ვთქვა, რომ „გაზპრომ არმენია“ მომგებიანი კომპანიაა. ეს კომპანია დიდ მოგებას იღებს. ესეც ფაქტია, რომელიც უნდა აღვნიშნოთ“, - განაცხადა მან.
ფაშინიანის თქმით, მთავრობა დივერსიფიცირების პოლიტიკას არა მხოლოდ გაზის, არამედ სხვა სექტორების მიმართულებითაც გაატარებს.
„არ არსებობს სექტორი, რომელშიც დივერსიფიკაციის პოლიტიკას არ გავატარებთ. ასეთი სექტორი არ არსებობს. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. დანარჩენი მიმდინარე საკითხებია და კონკრეტულ სიტუაციებს კონკრეტული პასუხები შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
გაზის შესაძლო გაძვირების შემთხვევაში მთავრობის ნაბიჯებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები კონკრეტულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„თუ ასეთი ვითარება შეიქმნება ფასები გაიზრდება - ჩვენ ასევე ვნახავთ, რისი ფასის გაზრდა შეგვიძლია, ან რა არის ის, რაც აქამდე უფასო იყო და რომლისთვისაც შესაძლოა პროპორციული ფასი დაწესდეს. ამიტომ ამას ნორმალურად ვუდგებით; საკითხი ჩვეულებრივ, სამუშაო გარემოში უნდა და შეიძლება განიხილებოდეს“, - განაცხადა მან.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გაზის ფასის შემდგომი ცვლილებების მიუხედავად, მთავრობა მიწოდების შესაძლებლობების გაფართოებას შეეცდება.
„ჩვენ დივერსიფიკაციას გავაგრძელებთ, რაც არ უნდა მოხდეს. გაძვირდება თუ არა გაზი, როგორიც არ უნდა იყოს ვითარება, ჩვენ დივერსიფიკაციას გავაგრძელებთ. თუ მეორე წყაროდან გაზის შემოტანის შესაძლებლობა იქნება, ამ გზას გავყვებით. თუ მესამე წყაროდან შემოტანის შესაძლებლობა იქნება, იმ მიმართულებითაც ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა - საქსტატი
15.09.2026.11:42
2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით);
• მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით).
2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების - 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2026 წლის II კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 463.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693.0 ლარი, გაიზარდა 7.3 პროცენტით).
2026 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215.0 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია ქ. თბილისი და მცხეთა- მთიანეთი.