სოსო არჩვაძე: გამართლებული იქნება, საშემოდგომო სესიაზე, როდესაც პარლამენტი დაუბრუნდება "საპენსიო სააგენტოს" შესახებ კანონპროექტის განხილვას, 2028 წლის პირველ იანვრამდე ვადის გადაწევის ნაცვლად მასში დროის დათქმები არ მოხდეს
საპენსიო ფონდის ფორმირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცულობისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზაზე - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.
როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ფონდში აკუმულირებული სახსრები იმყოფება ეფექტური ზედამხედველობისა და გამოცდილი მენეჯმენტის ხელში.
მისი თქმით, ბოლო წლებში ხელისუფლების სტრატეგია პენსიების სიდიდის წინმსწრები ზრდის თაობაზე ინფლაციის ტემპთან შედარებით ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ კურსს პენსიონერთა ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური დაცვის არსებითი გაუმჯობესებისაკენ.
" საპენსიო ფონდის ფორმირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცულობისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზაზე. ამ ფონდში აკუმულირებული სახსრები იმყოფება ეფექტური ზედამხედველობისა და გამოცდილი მენეჯმენტის ხელში, სრულად დაცული და ხელშეუხებელია. ბოლო წლებში ხელისუფლების სტრატეგია პენსიების სიდიდის წინმსწრები ზრდის თაობაზე ინფლაციის ტემპთან შედარებით ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ კურსს პენსიონერთა ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური დაცვის არსებითი გაუმჯობესებისაკენ.
ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა კანონპროექტმა საპენსიო ფონდის რესურსების დივერსიფიცირების თაობაზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ბენეფიციართა (საპენსიო ფონდში შემომტანების - მომავალი პენსიონერების) ვალდებულება 2023 წლის 6 სექტემბრამდე მოეხდინათ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა რისკიან საინვესტიციო პროექტებში, რის შემდეგაც თავად ფონდი განსაზღვრავდა შესაბამისი სახსრების სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში განაწილებას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოითქვა მოსაზრება, რომ ხსენებული განზრახვის რეალიზაცია 2023 წლის 6 სექტემბრის ნაცვლად გადაიდება 2028 წლის 1 იანვრამდე, რაც აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია.
ამასთან ერთად, ხელისუფლების მიერ საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური დაცულობა ამ უკანასკნელის სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფასაც გულისხმობს. ამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, უნდა გადაიდგას კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯი: ვფიქრობ, გამართლებული, უპრიანი იქნებოდა, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაუბრუნდება ზემოხსენებული ინიციატივის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის განხილვას, მეორე და მესამე მოსმენებისას, ვადის გადაწევის ნაცვლად მასში დროის დათქმები საერთოდ არ მოხდეს. ამასთან, რეფორმის სხვა ელემენტები (თავისუფალი არჩევანი პორტფელებს შორის, მეტი ჩართულობა საკუთარი დანაზოგის მართვაში) ძალაში უნდა დარჩეს, რითაც საპენსიო ფონდში შემტან პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისა და ინიციატივის შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა საკუთარი შენატანების დივერსიფიცირებაში უფრო მაღალრისკიან პროექტებში. შესაბამისად, ვინც საამისო სურვილს არ გამოთქვამს, მის სახელზე აკუმულირებული სახსრები განთავსებული იქნება მხოლოდ დაბალრისკიან პროექტებში. ვთვლი, რომ აღნიშნული წინადადება მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების სიმშვიდისა და აღმშენებლობით პროცესზე ეროვნული ენერგიის კონსოლიდაციას", - წერს არჩვაძე Facebook - ზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826