S&P - ვაღიარებთ საქართველოს საბანკო რეგულაციას, როგორც ეფექტურს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისს და გამჭვირვალეს
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეინარჩუნა.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, S&P Global Ratings-ი ელის რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას არსებული გაურკვევლობის ფონზე.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, ბანკები მაღალკაპიტალიზებულია და ლიკვიდობის საჭირო ბუფერებს ინარჩუნებენ.
„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს საბანკო რეგულაციას, როგორც ეფექტურს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისს, რომელიც გამოირჩევა მყარი კორპორატიული მმართველობითა და გამჭირვალობის სანაქებო დონით“, - ნათქვამია S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.
სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა შედარებით გონივრული რჩება, განსაკუთრებით რეგიონულ კონტექსტში. ეფექტური პოლიტიკის პარამეტრები ნაწილობრივ განპირობებულია სტრუქტურული რეფორმებით, რომლებმაც ასევე გააუმჯობესეს ბიზნეს გარემო.
ამასთან, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.6% იქნება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5.9%-ით, 2026 წელს კი 5.2%-ით გაიზრდება.S&P - ვაღიარებთ საქართველოს საბანკო რეგულაციას, როგორც ეფექტურს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისს და გამჭვირვალეს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826