სსფ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელს რეგიონში ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით - ლევან დავითაშვილი
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი შეაფასა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ავტორიტეტული და უპირობოდ წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის ანალიტიკა და შეფასებები მნიშვნელოვანი საფუძველია ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად.
„ამ შემთხვევაში, სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელს რეგიონში ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით. საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2029 წლამდე. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2029 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.6%-ით გაიზრდება,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამავე დროს, როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მსგავსი პროგნოზები ყოველთვის უფრო კონსერვატიულია, ქვეყნის რეალური შედეგები კი, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ პროგნოზებზე უკეთესია.
„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს არა მხოლოდ ნომინალურად, არამედ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებითაც და რეალურ გამოხატულებაში. აქაც, სავალუტო ფონდის შეფასებით, 2029 წლისთვის მშპ 1 სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით - PPP მაჩვენებლით 38,000 საერთაშორისო დოლარს გადასცდება, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 52%-ს აჭარბებს. აღნიშნული პროგნოზები დამაიმედებელია და ეკონომიკის კუთხით უწყვეტ პროგრესზე მიუთითებს, რომელსაც ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვაღწევთ“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826