სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა
2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ ოფიციალურად დაამტკიცა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას.
ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია ARUP-მა. პროექტის ყოვლისმომცველი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზაშეწონილობის კვლევა მომზადდა COLLIERS ლონდონისა და თბილისის ოფისების ერთობლივი მუშაობით.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ განსაკუთრებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტები და გამორჩეულად მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობებია წარმოდგენილი, რაც ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნიკალური საცხოვრებელი, გასართობ-გამაჯანსაღებელი და საქმიანი სივრცეების შექმნას გულისხმობს. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებს, 5 ვარსკლავიან სასტუმროებს, საცხოვრებელ ბინებს, ბიზნეს აპარტამენტებს, ვილებს, იახტკლუბს, ვერტოდრომებს, პლიაჟს და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურას.
რეგიონალური მასშტაბის ბიზნეს ინიციატივა დაახლოებით 7 000 ადგილობრივს დაასაქმებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობამათ შორის 9 ჰექტარ ტყე-პარკს, სანაპირო ბულვარს, 3,2 კილომეტრ სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედნებს, რაც თანამედროვე საზოგადოების ჯანმრთელობის, სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის შეუდარებელ რესურსებს იძლევა.
„ამბასადორი ჯგუფი“ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე 4 წლიანი წინსწრებით ასრულებს სამუშაოებს. 84 ჰექტარი ხელოვნურად გასაშენებელი მიწის ნაკვეთიდან 25 ჰექტარი უკვე გაშენებულია და სამუშაოები გრძელდება სწრაფ რეჟიმში.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სფეროში პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10 წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას - ირაკლი კობახიძე
07.10.2026.12:20
ენერგეტიკის სფეროში ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას.
„ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკით ფუნქციონირებდა სისტემა, მთლიანობაში განხორციელდა სექტორის რეფორმირება, მათ შორის ოპტიმიზაცია განვახორციელეთ შესაბამის კომპანიებში. ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები. იყო დაჯავშნილი დაერთების ნებართვების პრაქტიკა, რაც მთლიანად აღმოიფხვრა, გაცემის ვადები იყო ხელოვნურად გაჭიანურებული და ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა. ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს პრაქტიკად მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მოხსნის ხელოვნურ ბარიერებს და დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი ფორმით.
პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი. დღევანდელი გენერაცია არის დაახლოებით 4800 მეგავატი და ჩვენი 10-წლიანი გეგმის მიხედვით, გენერაცია უნდა გაიზარდოს 11 500 მეგავატამდე, რასაც სჭირდება სწორი ხედვა, სწორი გეგმა და სწორედ ეს გეგმა შემუშავდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დასრულდა ერთი ქარის სადგურის და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
„წლის ბოლომდე დამატებით 6 ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, შედეგად უკვე წლის ბოლომდე დამატებით 300 მეგავატი შეემატება ჩვენს მთლიან გენერაციას. ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის. 20-ზე მეტი ასეთი პროექტი ხორციელდება ჯამური ღირებულება არის მილიარდ 800 მილიონი ლარი. ჯამში ეს ყველაფერი შეეხება 900 კილომეტრამდე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა 114 კილომეტრი მონაკვეთი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე, რასაც აქვს ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. გაფორმდა ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების მიწოდების და მონტაჟის ხელშეკრულება. მესტიის გამრიცხველიანება, ესეც იყო დაუძლეველი პრობლემა წლების განმავლობაში. დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა ქვეყანა ე.წ. მაინინგის გამო, ეს იყო უკანონო შემოსავლები. 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული მაჩვენებლებით 22 პროცენტით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მეტია შესამცირებელი და ეს შედეგი აუცილებლად გვექნება, როცა მთლიანად დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი მუნიციპალიტეტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.