Starbucks ჩრდილოეთ ამერიკაში 250 კაფეს დახურავს
Starbucks ჩრდილოეთ ამერიკაში დაბალი მაჩვენებლების მქონე 250 კაფეს დახურავს. ამის შესახებ კომპანიამ ხუთშაბათს მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილ დოკუმენტში განაცხადა. გადაწყვეტილება Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ნიკოლის მიერ გაყიდვების აღდგენის მიზნით კომპანიის გარდაქმნის პროცესის გაღრმავებას უკავშირდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილი იყო და მისი ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. კომპანიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ახალი დახურვები დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ოდენობის რესტრუქტურიზაციის ხარჯებს გამოიწვევს და ჩრდილოეთ ამერიკაში Starbucks-ის დაახლოებით 18 000 ობიექტის 1%-ს შეადგენს. კომპანია ობიექტების უმეტესობის დახურვას 2026 ფისკალური წლის ბოლომდე გეგმავს.
ამასთან, Starbucks-ის მოლოდინით, 2026 ფისკალურ წელს კომპანიის მიერ ოპერირებადი და ლიცენზირებული კაფეების გლობალური რაოდენობა წმინდა 440-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც მანამდე დაგეგმილი იყო 600-დან 650-მდე ახალი ობიექტის გახსნა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826