„Starring Georgia" იქნება დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით" - ლევან დავითაშვილი
„ქვეყანა ტურისტულად - როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობ, სხვა ეტაპზე გადადის. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები იზრდება და გეგმაშია, რომ „ბლექ სი არენა"-ს პოტენციალი სრულად ავითვისოთ - მაქსიმალურად წარმატებული, პოპულარული შემსრულებლები მოვიწვიოთ, მათ შორის ვარსკვლავები", - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში მასშტაბური კამპანიის - „Starring Georgia"-ს ფარგლებში დაგეგმილი უცხოელი შემსრულებლების ჩამოსვლაზე საუბრისას.
როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ასეთი ინიციატივის წარმატებული მაგალითები წარსულშიც გვქონდა - ის Check in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ პროექტს ასახელებს. მინისტრის აზრით, წელს დაგეგმილი ცნობილის არტისტების კონცერტები მოიზიდავს არა მხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ ვიზიტორებს მთელი რეგიონიდან და მეტიც, უფრო შორეული ქვეყნებიდანაც.
„ჩვენ ამაზე გვქონდა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, როგორც ტურიზმზე, ეკონომიკაზე გავლენის კუთხით და ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს კონსერვატიული შეფასებებით, დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან ამ ვარსკვლავების სანახავად საქართველოში ბევრი ახალი ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს და ზოგადად, ეს იქნება ძალიან პოზიტიური დინამიკა საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სასურველია, რეგულარულად მიმდინარეობდეს ასეთი კამპანიები, რომელთა ფარგლებშიც საქართველოში მაღალი ხარისხის შემსრულებლები რეგულარულად ჩამოვლენ. „Starring Georgia"-ს იდეა ის არის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო პოპულარული შემსრულებლები გვეყოლება", - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826