სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც ტვირთნაკადი იზრდება და შუა დერეფანი ვითარდება - თამარ იოსელიანი
„სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც ტვირთნაკადი იზრდება და შუა დერეფანი ვითარდება. 7 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და მასთან მისასვლელ საავტომობილო და სარკინიგზო გზებში, ასევე რკინიგზის დამატებითი შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიებებში, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარებაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში და სხვა სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის პროექტებში. შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს როლის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის გამტარუნარიანობის პოტენციალს გაზრდის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. თამარ იოსელიანის ინფორმაციით, მომავალი პორტის ტერიტორიაზე სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და უშუალოდ სამშენებლო ეტაპი მალე დაიწყება. „სახელმწიფო შესაბამის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რომ 2029 წლისთვის საქართველომ და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პანამაქსის და ბოსფორმაქსის ტიპის გემები მიიღონ. ნავმისადგომის სიღრმე იქნება 16 მეტრი. ნავსადგურის მოსალოდნელი გამტარუნარიანობა 600,000 კონტეინერს (TEU) შეადგენს და მას ექნება 2 მლნ ნაყარი ტვირთის მიღება - გადამუშავების შესაძლებლობა," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826