სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი - ირაკლი მეზურნიშვილი
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა წელს უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი. ეს არის ისტორიული მოვლენა", - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩინეთთან გაფორმებულია როგორც სტრატეგიული პარტნიორობა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რამაც ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის 25%-იანი ზრდა განაპირობა.
„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი დაახლოებით 170%-ით არის გაზრდილი, რაც ჩვენს ექსპორტიორებს, ფერმერებსა და იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისი თქმით, კერძო სექტორსა და მწარმოებლებთან შეხვედრისას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის, კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია შეიძინოს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ პირდაპირ ავიამიმოსვლაზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.
ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ოპოზიცია გააკრიტიკა და მათ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
„ასეთი ისტორიული მოვლენის შემდეგ ვერ ვნახეთ ოპოზიციის, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ამ ვიზიტის ვერანაირი პოლიტიკური შეფასება. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უგულებელყოს პოლიტიკურმა ჯგუფმა ასეთი ვიზიტი და ეს მოვლენა არ შეაფასოს. ჩვენც და საზოგადოებაც კარგად ვხვდებით, რა ხდება. ისინი დაბნეულები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება შეაფასო ასეთი მასშტაბის ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათი მხრიდან პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას", - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს სწორ პოლიტიკას მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
სხვა სიახლეები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიზანია შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც დაფუძნებული იქნება 3 გარემოებაზე - გამჭვირვალობა, მომხმარებლის ინფორმირებულობა, კონკურენტული გარემოს შექმნა | შოთა ბერეკაშვილი
10.11.2026.17:31
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 73 ხმით 10-ის წინააღმდეგ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილისგანცხადებით, კანონპროექტით იხვეწება საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პროცედურები, ფართოვდება სანდო უცხოური ბანკების შემოსვლის შესაძლებლობა, უფრო მოქნილი ხდება ადმინისტრატორების პარალელური პოზიციების დათვლის წესი და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შეფასება უფრო მკაფიოდ დაეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი საფინანსო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდა, ბიზნესისა და მომხმარებლისთვის დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, უფრო კონკურენტული პირობების შექმნა, ასევე ლიცენზირების პროცესის დახვეწა, საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და რეგულირების უფრო მოქნილი მექანიზმების დანერგვაა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.