თამარ იოსელიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოებს გაეცნო.
გაფართოების მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია" 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს. როგორც თამარ იოსელიანმა განაცხადა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ის სამგზავრო ტერმინალის გაფართოებას, აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალი თვითმფრინავების სადგომების მოწყობასა და მგზავრთა მომსახურების სივრცეების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, სამგზავრო ტერმინალის საერთო ფართობი დამატებით 21 500 მ2-ით გაიზრდება, რაც მგზავრთა ნაკადების უფრო ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს. ამასთან, გაორმაგდება ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და არსებული ხუთის ნაცვლად ათი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებას, ახალი ავიაკომპანიების მოზიდვასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოები თამარ იოსელიანსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს, ლევან მოსეშვილს, „ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ გააცნო.
„ტავ ჯორჯია" TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც, თავის მხრივ, ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826