თანხის დაბრუნება, ნივთის შეცვლა ან ხელშეკრულების გაწყვეტა - რა უფლებები აქვთ მომხმარებლებს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლეკვინაძის განცხადებით, უწყებაში შესული საჩივრები, შესაძლოა, საქართველოში მოქმედ მიტანის სერვისებსაც ეხება. მისი განმარტებით, გამოკვეთილი პრობლემები ძირითადად ქართულენოვან კომუნიკაციას უკავშირდება, მაგალითად, როდესაც კურიერი ვერ პოულობს მითითებულ მისამართს ან ირღვევა მიწოდების დადგენილი ვადები.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკურიერო კომპანიებს დაევალათ დამატებითი ოპერატორების ჩართვა, რომლებიც მომხმარებლებს მომსახურებას ქართულ ენაზე გაუწევენ თუ მომხმარებელს ასეთი პრეტენზია ექნება. მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად შესაბამისი სტანდარტები უკვე დადგენილია, რაც უზრუნველყოფს სერვისის ეფექტიანობის გაზრდასა და მომხმარებელთა უფლებების უფრო მყარ დაცვას.
„არსებობდა შემთხვევები, როდესაც მიტანის სერვისის კურიერი ვერ პოულობს მისამართს, აგვიანებს ან მომხმარებელთან კომუნიკაციას ვერ ამყარებს ვერ ქართულად, ვერც ინგლისურად. სააგენტომ მიიღო არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მსგავს კომპანიებს დაევალათ, უზრუნველყონ დამატებითი ოპერატორების ჩართულობა კომუნიკაციის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რადგან მსგავსი პრობლემები მათ რეპუტაციაზეც უარყოფითად მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სერვისის მიღება ნებისმიერ ენაზე შეუძლია, ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტული მაინც ქართული ენაა. შესაბამისად, თუ მომხმარებლის სურვილია, მომსახურება ქართულ ენაზე მიიღოს, კომპანია ვალდებულია ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამ მიმართულებით გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და სტანდარტებიც მკაცრად არის დადგენილი, მათ აქვთ ვალდებულება დისკკმუნიკაციის დროს დამატებით ოპერატორი ჩაერთოს მოთხოვნილ შესაბამის ენაზე“, - აცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე.
ირაკლი ლეკვინაძის განცხადებით, მომხმარებელი სამართლებრივად უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის დაბრუნება, ხელშეკრულებიდან გასვლა ან დაზიანებული/ნაკლიანი ნივთის გაცვლა, თუ მიტანის სერვისი დროულად არ შესრულდა ან პროდუქტი არ შეესაბამება საწყის პირობებს. მისი თქმით, ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია, რის გამოც მომხმარებლები პრეტენზიებით მიმართავენ სააგენტოს.
„ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მომხმარებელს სურს უარი თქვას მომსახურებაზე ნივთის მნიშვნელოვანი დაგვიანების გამო, მოითხოვოს თანხის სრული დაბრუნება ან საერთოდ გაწყვიტოს ხელშეკრულება. ასევე აქტუალურია საკითხი, როდესაც მიღებული პროდუქტი ნაკლიანია და მომხმარებელი მის შეცვლას ითხოვს. ბუნებრივია, ეს არის იმ პრობლემების ძირითადი სპექტრი, რომელთა თაობაზეც მოქალაქეები პრეტენზიებით ყველაზე ხშირად მოგვმართავენ“, - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.
მისივე განცხადებით, მომხმარებელთა პრეტენზიები ვრცელდება არა მხოლოდ მცირე ნივთებზე, არამედ მაგალითად ავტომობილებზეც, რომლებიც ონლაინ პლატფორმებიდან ან აუქციონებიდან იგზავნება. ლექვინაძის თქმით, გადაზიდვის პროცესში შესაძლოა პროდუქტი დაზიანდეს, დაიკარგოს ან შეცვლილი სახით მიაწვდონ, ხოლო ასეთი შემთხვევების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდავ კომპანიას და სააგენტო განიხილავს მომხმარებლის პრეტენზიებს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოებით.
„იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გადაზიდვას ან შემოტანას საქართველოში რეგისტრირებული კომპანია ახორციელებს და პროცესის დროს გარეგანი ფაქტორების გამო პრობლემები წარმოიქმნება, პასუხისმგებლობა გადამზიდავს ეკისრება. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც კონტეინერში განთავსებული ავტომობილი ან სხვადასხვა ნივთი ზიანდება, იკარგება ან მომხმარებელს სულ სხვა პროდუქტი მისდის“, - აცხადებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
09.10.2026.20:29
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.