TBC Group-მა უზბეკეთის OLX-ის საკონტროლო წილი შეიძინა
TBC Group-მა უზბეკეთის OLX-ის საკონტროლო წილი შეიძინა. გარიგების ფარგლებში წილების გადაცემის რეგისტრაცია უზბეკეთში უახლოეს პერიოდში დასრულდება, როგორც ტრანზაქციის შემდგომი განხორციელების პროცესის ნაწილი.
გარიგების დასრულებას წინ უძღოდა უზბეკეთის კონკურენციის განვითარების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტისგან აუცილებელი მარეგულირებელი თანხმობის მიღება.
ამ გარიგების განსახორციელებლად TBC Group-მა ერთობლივი საწარმო შექმნა Titan Investments-თან საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგთან, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, საოჯახო საინვესტიციო ოფისები და ახლო აღმოსავლეთის სუვერენული საინვესტიციო ფონდები.
ერთობლივმა საწარმომ OLX Uzbekistan-ის 100%-იანი წილი შეიძინა. აქედან TBC Group ფლობს 50% + 1 აქციას, ხოლო დარჩენილი წილი Titan Investments-ის საკუთრებაშია.
OLX Uzbekistan უზბეკეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმაა. პლატფორმას ყოველთვიურად 5 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მასზე განთავსებულია 2 მილიონი აქტიური განცხადება მომსახურების, სამომხმარებლო საქონლის, ავტომობილებისა და უძრავი ქონების კატეგორიებში, ხოლო ის ქვეყნის აქტიური ინტერნეტმომხმარებლების 17%-ზე მეტს ემსახურება.
OLX Uzbekistan საქმიანობას OLX-ის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს და დამოუკიდებელი, ღია განცხადებების პლატფორმის სტატუსს შეინარჩუნებს. სამომავლოდ TBC Uzbekistan გეგმავს, OLX Uzbekistan-ის მეშვეობით მომხმარებლებს ფინანსური და გადახდის სერვისებიც შესთავაზოს, რაც როგორც საცალო, ისე ბიზნესსეგმენტთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ნიკა ქურდიანი, TBC Uzbekistan-ის აღმასრულებელი დირექტორი: ,,მოხარული ვართ, რომ გარიგება წარმატებით დასრულდა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით.
აღნიშნულ TBC-ს შესაძლებლობას აძლევს, შევიდეს მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე ახალ სექტორში, მოიზიდოს მილიონობით ახალი მომხმარებელი, გაზარდოს მომხმარებელთა ჩართულობა და შექმნას დამატებითი სინერგია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელთა ლოიალურობასა და აქტიურობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ჩვენ შევინარჩუნებთ იმ ღირებულებებს, რაც OLX-ს უნიკალურ და სანდო პლატფორმად აქცევს - მის ღია და დამოუკიდებელ მოდელს, ამავდროულად კი მომხმარებლებს ახალ პროდუქტებსა და სერვისებს შევთავაზებთ.
მოხარული ვართ, რომ ამ პროექტში Titan Investments-თან ვთანამშრომლობთ და გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი გამოცდილება OLX Uzbekistan-ის შემდგომ ზრდასა და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.“
სხვა სიახლეები
კაპიტალის საჭიროების გამო მაღალი კლასის საკუთარი საწყობების მშენებლობა მსხვილ კომპანიებშია კონცენტრირებული, განსაკუთრებით საცალოდ მოვაჭრეებში - FMCG-სა და ელექტრონიკაში | Galt & Taggart
27.07.2026.09:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საწყობები და ლოგისტიკა საქართველოში” აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. ამასთან, დოკუემნტში აღნიშნულია, რომ საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრის და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გათვალისწინებით.
,,საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში
სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც ჩამორჩება განვითარებული
ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს და ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. სექტორის შემოსავლები გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა;
აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული. გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში
საწყობებზე გაზარდა, ხოლო, თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე. თბილისსა და ბათუმში საწყობები ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება, ხოლო ფოთში - საერთაშორისო ტვირთების დამუშავებას. თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება შესადარის ქალაქებთან მიმართებით კვლავ დაბალია. სამომავლო მიწოდების 85%, მიწის ხელმისაწვდომობის გამო, სამგორსა და თბილისის შემოგარენშია კონცენტრირებული”, - წერს Galt & Taggart-ი.