თბილისი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს - 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატის მონაწილეობით
2026 წლის 19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. წლების განმავლობაში, კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროს აქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. უკვე მეხუთე წელია, ღონისძიება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
კონფერენცია თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს უმასპინძლებს და გააერთიანებს კოლეგა უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები.
გახსნით სესიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა.
კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ მომხმარებელთა დაცვის გლობალურ ტენდენციებსა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებზე; ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზრებზე კონკურენციასა და ხელმისაწვდომობაზე; კონცენტრაციების კონტროლზე; ონლაინ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებასა და კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხებზე.
დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, ლიეტუვის, თურქეთის, რუმინეთისა და საუდის არაბეთის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
20 ნოემბერს კონფერენციის ფარგლებში მთავარი მოხსენებებით წარდგებიან ღონისძიების საპატიო სტუმარი ტერესა მორეირა - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი და იოანის ლიანოსი - ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გლობალური კონკურენციის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი.
20 ნოემბერს, პანელური დისკუსიის - „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“ - ფარგლებში, გაიმართება eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია, რომლებსაც, შესაბამისად, ირაკლი ლექვინაძე - GCCA-ის თავმჯდომარე და ნატალია ჭყოიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი წარადგენენ. აღნიშნული პანელის მონაწილეა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი აბაშიშვილი - Business Insider Georgia-სა და Economic Forum Georgia-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებასა და პირველი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ გასულ, 2025 წელს გამართულმა IV საერთაშორისო კონფერენციამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის შესაბამისი უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა.
კონფერენციის დღის წესრიგისა და მომხსენებლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge.
სხვა სიახლეები
მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან - ლევან მეხუზლა
12.11.2026.13:57
"მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
ლევან მეხუზლას განმარტებით, მცირე მარნებისთვის ნიშანდება იქნება სავალდებულო, თუმცა საფასურს არ გადაიხდიან.
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.
ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის ფალსიფიცირების პრევენცია, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით.
QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატისა და ნიშნის სტატუსის შესახებ.
ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.