თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით l მარიამ ქვრივიშვილი
„დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
თბილისსა და შანხაის შორის ისტორიული, პირდაპირი რეგულარული რეისი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესმა და წამყვანმა ავიაკომპანია China Eastern Airlines შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს საქართველოსა და ჩინეთს ერთმანეთთან და სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ამყარებს ქვეყნებს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას.
„ეს არის ნამდვილად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დემონსტრაცია, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორ ითარგმნება სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკურ აქტივობაში, როგორ ითარგმნება ტურიზმში, როგორ ითარგმნება პირდაპირ ფრენებში და ეს ყველაფერი როგორ აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს თითოეული ჩვენგანი მონაწილეობს ამ ისტორიულ დღეში, რადგან ეს არის პირველი რეგულარული ფრენა, რომელიც შესრულდა ჩვენი დედაქალაქიდან და შესრულდება დღეს მოგვიანებით შანხაის მიმართულებით, რომელიც გულისხმობს რეალურად ყველაზე შორი მანძილის ფრენას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ეს არის ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის განსაკუთრებით გასახარი იყო, რომ რეისი, ფაქტობრივად სავსე ჩამოვიდა- 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მისი მმართველი გუნდის და, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა. ეს არის დიდი ალბათობით და მეტწილად, ასევე შედეგი იმ აქტიური მარკეტინგული კამპანიების, რასაც ჩვენი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში ახორციელებს. ყოველწლიურად 7 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ხორციელდება იმისთვის, რომ ჩინეთში გაიზარდოს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობა" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიამა ელჩმა ჭოუ ციენმა, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხე სიაოცუენმა, საქართველოს საავიაციო სფეროსა და აეროპორტების სექტორის წარმომადგენლებმა.
სხვა სიახლეები
ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე
10.08.2026.20:50
„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.