თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი, - ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია“ აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, გრძელდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ინტენსიურად გრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა მიმართულებით.
2023 წელს ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა: რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი და კახეთის მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი (ვაზიანის შემოვლითი გზა).
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე 2024 წელს გაიხსნა 9 კმ-იანი ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი გზა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე გახსნილია 36 კმ-იანი გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.
ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალური გზის 276 კმ ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი.
დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი;
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ახალი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება;
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კმ-ზე, ხოლო თბილისისაგარეჯოს პროექტის ფარგლებში, უკვე ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი ვაზიანის შემოვლითი გზის გარდა, პირველი ლოტის მონაკვეთზე უკვე მოწყობილია საფარი 5 კმ-ზე, ხოლო მეორე ლოტის ფარგლებში − 6 კმ-ზე (ორივე მხარეს);
ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზაზე, 2024 წელს, გეგმით გათვალისწინებული დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად;
დაწყებულია თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიებები, რათა შესაძლებელი იყოს 2024 წლის ბოლოს სამშენებლო ტენდერის გამოცხადება;
ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაკვეთზე. საფარი მოწყობილია უკვე 36 კმ-ზე, გრძელდება საფარის მოწყობის სამუშაოები 14 კმ-ზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826