„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ჩატარებას საორგანიზაციო შტაბი უხელმძღვანელებს
26 - 27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში" საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. შტაბი დღეს მისმა ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა. მისი თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც მაღალი ინტერესია როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება.
„აბრეშუმის გზის ფორუმი" არის მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნებიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის რეგიონიდან - პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემატიკაა და ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ", - განაცხადა გენადი არველაძემ.
თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. წელს ფორუმს სტუმრების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაესწრება - 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მოდერატორები იქნებიან BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები. ფორუმის მეორე დღე კი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა.
საორგანიზაციო შტაბი ფორუმის დასრულებამდე ყოველდღიურად, სრული დატვირთვით იმუშავებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826