თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება
26 - 27 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება.
თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა.
ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო თუ რეგიონალურ დონეზე.
2023 წლის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სამთავრობო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ორდღიანი ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826