თბილისის პარკები და რეკრეაციული სივრცეები უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს - თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი
თბილისის პარკები და რეკრეაციული სივრცეები უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სანახავია ის, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში ხდება. ეს ყველაფერი იწვევს სიღარიბის შემცირებას, შემოსავლების ზრდას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. ფაქტობრივად, მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო მაჩვენებლებში გაორმაგებულია იმასთან შედარებით, რაც იყო 2020-21 წლებში. მესმის, რომ 20 წელი კრიზისის წელი იყო, მაგრამ 2021 წელს რომ შევადაროთ, ფაქტობრივად, ორმაგი არის საბაზისო მაჩვენებლები ამ ყველაფრის.
ტურიზმის მაჩვენებლების ცოტა უფრო დიდი დროის ჭრილში შევხედავ. 3300 ნომერი იყო ფაქტობრივად 2010 წლისთვის, დღეს ეს მაჩვენებელი 15 000-ზე მეტია. სასტუმროების მთლიანი ფართობი, აი, ამ 16 წლიანი პერიოდში, ფაქტობრივად, 240 ათასი კვადრატული მეტრიდან გაზრდილი 800 000 კვადრატულ მეტრამდე, ფაქტობრივად, ხუთჯერ არის გაზრდილი ძირითადი მაჩვენებლები. ტურიზმიდან შემოსავლებიც, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ტურისტების რაოდენობაც, ფაქტობრივად, კოვიდამდე პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გადავლახეთ ეს მაჩვენებელი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეკორდული მაჩვენებლები სწორედ მაშინ იყო და დღეს თბილისი მასპინძლობს დაახლოებით 20-ჯერ მეტ ტურისტს უშუალოდ თბილისი, ვიდრე ეს იყო დაახლოებით 15-20 წლის წინ, და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზეც.
თუმცა აქ იმასაც ვიტყვი, რომ ტურიზმიდან მიღებული სარგებელი გაცილებით მეტი იქნებოდა, ადგილობრივი წარმოება რომ იყო ძლიერი და სწორედ იმ ჩვენი მეორე პროგრამებით და სხვა პროგრამებით, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს, სწორედ ამას მინდა მივაღწიოთ, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. ასეთ დროს სამშენებლო მასალები, საკვები პროდუქტები თუ ადგილობრივია, ისევ ადგილზე ბრუნავს ყველაფერი და მეტია სარგებელი, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ის მშვიდობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია, მიუხედავად რეგიონში არსებული თითქმის ყველა მიმართულებით არსებული პრობლემისა.
იმედი გვაქვს, რომ საწვავთან დაკავშირებული კრიზისიც ახლო აღმოსავლეთში და სამხედრო კონფლიქტიც ნელ-ნელა უკან დაიხევს და ამ კუთხითაც შესაძლებელი იქნება დასტაბილურება, რომ ეგზოგენურმა ფაქტორებმა ნაკლები ნეგატიური გავლენა მოახდინოს ჩვენს ეკონომიკაზე.
და ჩვენთვის მთავარია, რომ ერთი მხრივ, ყველაფერი გავაკეთოთ ადგილზე გარემოსთვის, ანუ ჭურჭლისთვის, სადაც თავად შექმნიან ბიზნესები და მოსახლეობა პროდუქტებს, რომლითაც ჩვენ თავად ვიამაყებთ. იქ იყო ისეთი პროდუქტები, ისეთი გასტრონული კულინარიული შედეგები, ასევე მეწარმეობის პროდუქტები, მათ შორის ჩვენს ფესტივალებზე, რომელსაც მეამაყებოდა ერთი მხრივ, რომ დავინახავდი მომზადებას, მეორე მხრივ წარმოებას.
და სწორედ გარემოს შექმნაა ჩვენთვის მთავარი, დაწყებული საგზაო ინფრასტრუქტურიდან, პარკებიდან, რომელიც მათ შორის უძრავი ქონების ბაზარს ძალიან უწყობს ხელს. და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩავატარეთ პარკების და რეკრაციული სივრცეების სოციალურ-ეკონომიკურ გავლენაზე და იქ ნათლად დავინახეთ, რომ სწორედ უძრავი ქონების ბაზარზე ახდენს უდიდეს გავლენას. მათ შორის სამშენებლო კომპანიები საკუთარი პროექტების სახელდებას სწორედ პარკებთან დაკავშირებით აკეთებენ, რომ კონკრეტული კომპანიის პროექტით პარკი ამა და ამ პარკთან. და ეს მნიშვნელოვანი გავლენაა.
და რეალურად ამ კუთხით ხდება გათანაბრება თბილისის ყველა რაიონის და ჩვენ ვნახავთ, რომ ესეთი მაღალი დონის ძალიან კარგი პარკები ხელმისაწვდომია არამარტო თბილისის ცენტრში, არამედ თითქმის ყველა გარე უბანშია. და ორი-სამი თვე რომ კონკრეტულ უბანში არ გახვიდეთ, ძალიან მალე დაინახავთ, რომ უკვე ახალი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა სხვადასხვა რაიონში. და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმასაც, ცხოვრების დონე და სტანდარტიც იმატებს, რაც თავის მხრივ შემდეგ გავლენას ახდენს იგივე ჯანსაღი ცხოვრების წესზე, თუნდაც სიარულის წახალისებაზე და სპორტული აქტივობების წახალისებაზე, მათ შორის სტრესის მოხსნასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე, არამარტო ფიზიკურზე. და საბოლოო ჯამში ყველაფერი აისახება ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
და დღეს ვიცით, რომ სიღარიბე არის მინიმალურ მაჩვენებელზე. შარშან საქართველოში პირველად დაფიქსირდა 9.4%, ხოლო უკვე ბოლო მაჩვენებელი ჩვენ მივიღეთ 7.1%, რაც არის ასევე ისტორიულად კიდევ ერთი რეკორდი და გაუმჯობესება. და ის, რომ ეკონომიკურის ზრდა ემსახურებოდეს მათ შორის სოციალურად მოწყვლადი ფენების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვინდა, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს.
და თუკი ჩვენ შევინარჩუნებთ როგორც მშვიდობას, ასევე სწორე ეკონომიკურ ნაბიჯებს და ზრუნვას მოსახლეობაზე, შეუძლებელია, რომ შედეგმა არ დააყოვნოს. ხალხი, მოსახლეობა თავად ისეთი ნიჭიერია, მომზადებულია და განწყობილი შექმნისკენ, რომ სხვა სცენარი არ შეიძლება განვითარდეს. თუმცა ჩვენ ვიცით ეკონომისტებმა, რომ არსებობს კრიზისები, რომელიც ყოველ 8-10 წელში ერთხელ თან ახლავს ეკონომიკურ განვითარებას და მათ შორის მზად უნდა ვიყოთ სწორედ ასეთი კრიზისების მინიმალური ზარალით დაძლევისთვის. და რაც შეიძლება მეტი კომპანია უნდა შევინარჩუნოთ ასეთ დროს, ხელი შევუწყოთ, რომ არ გაკოტრდნენ და გადარჩნენ ასეთი მნიშვნელოვანი ძლიერი დარტყმებისა და ტალღების დროს. და დანაკარგი როცა ნაკლებია, გრძელვადიანი განვითარება ყოველთვის პოზიტიური იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.
სხვა სიახლეები
საქსტატს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს სუპერმარკეტებიდან მიღებული სალარო-სკანერების მონაცემების 2028 წლის იანვრის ინფლაციის მაჩვენებელში ინტეგრირება - IMF მისია
29.10.2026.11:04
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს („საქსტატი“) ვებგვერდებიდან ავტომატურად მოპოვებული მონაცემების გამოყენებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) მასშტაბისა და მოცვის გაფართოებაში გაუწია მხარდაჭერა.
წინა მისიების ფარგლებში გაწეული მხარდაჭერის შედეგად, „საქსტატს“ შესაძლებლობა მიეცა, ერთი ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოეთვალა და გამოექვეყნებინა ახალაშენებულ შენობებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი.
მიმდინარე მისიის ფარგლებში, ევროპული მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, ინდექსის მოცვა გაფართოვდა და ახალაშენებულ შენობებთან ერთად უკვე არსებულ შენობებსაც მოიცავს.
,,2026 წლის 13–24 აპრილს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გაეწია ტექნიკური დახმარება, რომლის მიზანი ვებგვერდებიდან ავტომატურად მოპოვებული მონაცემების გამოყენებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) მასშტაბისა და მოცვის გაფართოება იყო. აღნიშნული მისია 2018 წლიდან საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის საკითხებზე განხორციელებული მისიების სერიის უახლესი ეტაპი და „მონაცემები გადაწყვეტილებებისთვის“ (Data for Decisions – D4D) ფონდის ფარგლებში ჩატარებული მეოთხე მისია იყო. წინა მისიების მხარდაჭერით, „საქსტატმა“ შეძლო ერთი ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალაშენებული შენობების საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის გაანგარიშება და გამოქვეყნება.
უძრავი ქონების ფასების სანდო ინდექსები და უძრავი ქონების ბაზრის სხვა მაჩვენებლები არსებითად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისთვის, რათა მათ შეაფასონ ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მისი გავლენა მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე. უძრავი ქონების ფასების სწრაფი ზრდა შესაძლოა წარმოქმნილ მოწყვლადობებზე მიუთითებდეს, ხოლო ფასების მკვეთრი შემცირება ეკონომიკური აქტივობის შესუსტების მაჩვენებელი იყოს, რადგან ასეთ პირობებში შინამეურნეობები და კომპანიები ამცირებენ მოხმარებასა და ინვესტიციებს. აღნიშნული ინდიკატორები ასევე ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების შემცირებას ისახავს მიზნად, და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის შეფასებას.
„საქსტატმა“ უნდა გააგრძელოს ვებგვერდებიდან ავტომატურად მოპოვებული მონაცემების გამოყენება, რათა უძრავი ქონების მრავალფეროვანი მახასიათებლების გათვალისწინებით მოახდინოს ინდექსის კორექტირება უძრავი ქონების ობიექტების შემადგენლობაში არსებული განსხვავებების მიხედვით და ამ გზით გააუმჯობესოს ინდექსის ხარისხი. ამჟამად ინდექსი ეფუძნება ერთი ვებგვერდის (ss.ge) მონაცემებს და მოიცავს თბილისში გასაყიდად გამოტანილ ახალ საცხოვრებელ უძრავ ქონებას - ბინებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს. მისიის ფარგლებში დახმარება გაეწია როგორც უკვე არსებული შენობების შესახებ ახლად მოპოვებული მონაცემების, ისე მეორე ვებგვერდიდან (myhome.ge) უშუალოდ მიღებული ყოველთვიური მონაცემების ანალიზს. თუმცა, მეორე ვებგვერდის შემთხვევაში მონაცემთა მოცვა მხოლოდ ბინებით შემოიფარგლება.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსში უკვე არსებული შენობების ჩართვა შეესაბამება ევროპულ სტატისტიკურ მარეგულირებელ მოთხოვნებს. ძირითადი ვებგვერდიდან მიღებული მონაცემები უკვე არსებული შენობების შესახებ მზად არის გამოქვეყნებულ ინდექსებში ინტეგრირებისთვის მომდევნო გადაბმის ეტაპზე, კერძოდ, 2027 წლის პირველი კვარტლის ინდექსის გამოქვეყნებისას. ახალი ინდექსების სრული ნაკრები საჯაროდ გამოქვეყნებამდე ერთი წლის განმავლობაში პარალელურად, შიდა გამოყენებისთვის გამოითვლება.
მეორე ვებგვერდის მონაცემებზე დაყრდნობით ახალაშენებულ და უკვე არსებულ შენობებში მდებარე ბინების ფასების ინდექსების გაანგარიშება უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება. მონაცემთა შეზღუდული მოცვის გამო, აღნიშნული ინდექსები შიდა გამოყენებისთვის დარჩება ან სარეზერვო წყაროს ფუნქციას შეასრულებს იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი ვებგვერდიდან მონაცემების ავტომატურად მოპოვების პროცესში პრობლემები წარმოიქმნება. „საქსტატს“ დასჭირდება მეორე ვებგვერდთან მონაცემთა მიწოდების შეთანხმების ფორმალიზება და მონაცემთა სტრუქტურის, მათ შორის ველების, დასახელების წესების, დროითი მოცვისა და სხვა საკითხების შეთანხმება. ამავდროულად, „საქსტატმა“ უნდა გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა ძირითადი ვებგვერდის მხრიდან მონაცემთა ბაზის უშუალოდ გაზიარებაც.
„საქსტატი“ აგრძელებს ძირითადი ვებგვერდიდან ახალაშენებულ და უკვე არსებულ შენობებში მდებარე ბინების ქირის ფასების შესახებ მონაცემების ავტომატურად მოპოვებას. მონაცემთა პირველადი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესაძლებელია და რეკომენდებულია ქირის ფასების ინდექსებისა და უძრავი ქონების ფასისა და ქირის თანაფარდობის მაჩვენებლების (price-to-rent ratios) გაანგარიშება. „საქსტატი“ გეგმავს მონაცემების შემდგომ ანალიზს როგორც ქირის ფასების ინდექსის, ისე უძრავი ქონების შეფასების ინდიკატორის შესამუშავებლად.
მისიამ ასევე განიხილა სუპერმარკეტებიდან მიღებული სალარო-სკანერების მონაცემების გაფართოებული მიწოდება და შეაფასა მათი სამომხმარებლო ფასების ინდექსში (CPI) ინტეგრირების შესაძლებლობა. ამ მონაცემების ხელმისაწვდომობის პირობებში, „საქსტატს“ აქვს კარგი შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს სკანერების მონაცემებზე დაფუძნებული ინდექსების პარალელური გაანგარიშება შიდა გამოყენებისთვის და შემდგომ მათი ოფიციალურ სამომხმარებლო ფასების ინდექსში ინტეგრირება", - წერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.