თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება - ლევან მოსეშვილი
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის ფარგლებში ახორციელებს როგორც სამგზავრო ტერმინალის, ასევე სააეროპორტო ინფრასტრუქტურისა და პარკინგის გაფართოებას“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია, პროექტის დასრულების შემდეგ კი აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
„პროექტის თანახმად, ფართოვდება როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის ზონები, ასევე ემატება მგზავრთა მომსახურების სივრცეები და ახალი სადგომები, როგორც საჰაერო ხომალდებისთვის, ისე ავტომობილებისთვის. უმჯობესდება მომსახურების ზონები, თვითმფრინავთა მისადგომი გეითების რაოდენობა ხუთიდან ათამდე იზრდება, რაც საერთო ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
პროექტის ფარგლებში სამგზავრო ტერმინალის საერთო ფართობი დამატებით 21 500 კვადრატული მეტრით გაიზრდება. გაფართოების სამუშაოები ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადების უფრო ეფექტიან მართვას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826