თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველების 80%-მდე ქართველი მოქალაქეები არიან - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველების 80%-მდე ქართველი მოქალაქეები არიან, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, საბა ჩახვაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ზოგადად, თბილისის ბაზარზე მყიდველთა სტრუქტურას ძირითადად ქართველი მოქალაქეები შეადგენენ, განსხვავებით ბათუმის ბაზრისგან. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მოქალაქეების წილი გაზრდილია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველთა რაოდენობა შემცირებულია. პირიქით, უცხოელთა მხრიდანაც დაინტერესება არის ამ კუთხით, გამომდინარე ქირის ამონაგებიდანაც, რომელიც საკმაოდ მაღალია ჩვენს გარშემო რეგიონში. სხვა დედაქალაქებს რომ შევადაროთ, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია, რაც კიდევ უფრო ზრდის საინვესტიციო მიმართულებით თბილისის მიმზიდველობას.
მაგრამ მთავარ ფუნდამენტურ ნაწილს მაინც წარმოადგენს ქართველი მყიდველი. დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80%-მდე არის მათი წილი და ძირითადად საჭიროებაზე დაფუძნებულ მოთხოვნასთან გვაქვს საქმე, რომელიც მომდინარეობს და უკავშირდება დემოგრაფიულ ფაქტორებს.
ერთი მხრივ, ეს არის ურბანიზაციის ზრდა და, მეორე მხრივ, საშუალო ოჯახის ზომის შემცირება, ოჯახების დაყოფა. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება ამ კუთხით და, საბოლოო ჯამში, ეს ორი ფაქტორი თბილისის პირველად ბაზარზე დაახლოებით ნახევარს მოთხოვნისას უზრუნველყოფს“, - აცხადებს საბა ჩახვაშვილი.
სხვა სიახლეები
საგარეო ვაჭრობა 8.4%-იან ზრდას აჩვენებს | საქსტატი
21.09.2026.11:04
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- აგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (577.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (543.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (500.7 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 918.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 531.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 510.5 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 247.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (2 042.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2 032.5 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 347.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 688.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 403.1 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 364.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 164.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 468.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).