თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულ ტურიზმიდან შემოსავლების დანაკარგებს დააბალანსებს - Galt & Taggart
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,ბაქო-თბილისის რკინიგზის ხელახლა გახსნა 2026 წლის ტურიზმის პერსპექტივებს უჭერს მხარს” აქვეყნებს. ანგარიშში შეფასებულია რკინიგზის გახსნის პოტენციური ეფექტი და ეკონომიკური პერპექტივები.
,,ჩვენ ვინარჩუნებთ 2026 წლის ტურიზმის შემოსავლების პროგნოზს 4.9 მილიარდ აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლო ავლეთში ესკალაციამ დროებით შეამცირა რეგიონიდან ტურისტების ნაკადი, ველით, რომ ბაქო–თბილისის რკინიგზის მომსახურების აღდგენა სრულად დააბალანსებს ამ დანაკლისს. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის მარტ-აპრილში ახლო აღმოსავლეთიდან ტურიზმის შემოსავლების დანაკარგმა შეადგინა დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა ახლად გახსნილი აზერბაიჯანული სარკინიგზო მარშრუტი სრულად აანაზღაურებს ამას, რადგან ვვარაუდობთ დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის ტურიზმის შემოსავალს ამ მიმართულებიდან 2026 წლის მეორე ნახევარში. აზერბაიჯანის წილი საქართველოს ტურისტულ ნაკადში 2019 წლის 15%-დან შემცირდა 2025 წელს 4%-მდე, რაც გამოწვეულია პანდემიის პერიოდში სახმელეთო საზღვრის შეზღუდვებით, მათ შორის ბაქო-თბილისის რკინიგზის შეჩერებით. ყოველდღიური სარკინიგზო მომსახურების აღდგენა ამ ტენდენციის შებრუნებას შეუწყობს ხელს”, - აღნიშულია ანგარიშში.
2026 წლის 18 მაისს საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ბაქო–თბილისის მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო რკინიგზის აღდგენაზე, ხოლო მომსახურება 26 მაისს განახლდება.
,,ველით, რომ ამ აღდგენით აზერბაიჯანიდან ტურისტული შემოსავლები დამატებით 200 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რის შედეგადაც აზერბაიჯანიდან მიღებული ტურიზმის მთლიანი შემოსავლის პროგნოზი 2026 წლისთვის 435 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება. ეს რკინიგზის მარშრუტი 2019 წელს დაახლოებით 19 ათას ტურისტს ემსახურებოდა მის შეჩერებამდე 2020 წელს; აღსანიშნავია, რომ ამ ჩამოსვლების 47% მესამე ქვეყნებიდან იყო, ხოლო ჩინეთი მესამე უდიდესი წყარო ბაზარს წარმოადგენდა. შესაბამისად, ველით, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ამ მარშრუტით საქართველოს ტურიზმის ზრდას. მარშრუტის გახსნა დროულად აძლიერებს პოზიტიურ იმპულსს, რომელიც აანაზღაურებს ახლო აღმოსავლეთის დროებით სისუსტეს და ამყარებს წლის სრულ პროგნოზს”, - წერს Galt & Taggart - გალტ & თაგარტი.
სხვა სიახლეები
2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა l Galt & Taggart
25.05.2026.08:00
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი განახლებულ პუბლიკაცია ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აპრილი 2026” აქვეყნებს.
,,ჰიდროგენერაცია ბოლო 5 წლის მინიმუმზე იყო, რის გამოც აპრილში თბოსადგურსა და იმპორტზე დამოკიდებულება 20.7%-ს შეადგენდა.
2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 19.3%-ით
შემცირდა, რაც ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი ჯამურ მიწოდებაში 20.7%-მდე გაიზარდა, 2021-25
წლების აპრილის საშუალო 6.0%-თან შედარებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰიდროგენერაციაზე დამოკიდებულებით გამოწვეულ მოწყვლადობას და
ახალი გენერაციის წყაროების დაჩქარებული განვითარების საჭიროებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.
Galt & Taggart - გალტ & თაგარტის შეფასებით, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას კვლავ აჩვენებს.
,,2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე. ჩვენი შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და
ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება. 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება (39.2%). ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის
დონეს უკავშირდებოდა. ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო
იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს. მთლიანობაში, იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოხმარება 2026 წლის აპრილში 1.1 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 2.1%-იანი ზრდაა. ამ ზრდას საცალო
მომხმარებლები (+5.1% წ/წ) და აფხაზეთი (+7.3% წ/წ) განაპირობებდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 8.5%-ით შემცირდა, ძირითადად კრიპტომაინინგისა და მონაცემთა ცენტრების კომპანიების დაბალი აქტივობის გამო.
,,2026 წლის აპრილში ჰიდროგენერაცია წლიურად 19.3%-ით შემცირდა, სუსტი ჰიდროლოგიის გამო, და ჯამური მიწოდების 78% შეადგინა. შედარებისთვის, 2021-24 წლებში აპრილში ჰიდრო საშუალოდ მიწოდების 93%-ს აკმაყოფილებდა. წელს დაგვიანებულმა დათბობამ თოვლის დნობა შეაფერხა, რის გამოც წყლის დონე მხოლოდ აპრილის ბოლოს გაიზარდა, მაშინ როცა წინა წლებში მაღალი ჰიდროგენერაცია აპრილის დასაწყისიდან ფიქსირდებოდა. შედეგად, აპრილისთვის უჩვეულოდ გაიზარდა
თბოსადგურებისა (ჯამური მიწოდების 16.5%) და იმპორტის (ჯამური მიწოდების 4.3%) საჭიროება. აპრილის თვეში ამოქმედდა 3 ელექტროსადგური: ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - ჭიორა ჰესი და ბახვი 2ბ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმული
სიმძლავრით; ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი “ზემო ქარის სადგური”.2026 წლის აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა 51 გვტ.სთ შეადგინა (ჯამური მიწოდების 4.3%), თუმცა აქედან კომერციული იმპორტი მხოლოდ ნახევარი, თურქეთიდან შემოტანილი 24.8 გვტ.სთ იყო. დანარჩენი მოცულობიდან 9 გვტ.სთ რუსეთიდან შემოვიდა აფხაზეთის რეგიონისთვის, ხოლო აზერბაიჯანთან 17 გვტ.სთ იმპორტი სრულად დაბალანსდა იმავე მოცულობისა და ღირებულების ექსპორტით.
აზერბაიჯანთან დღის ჭრილშიც იდენტური მოცულობების იმპორტი და ექსპორტი მიუთითებს, რომ ეს ტრანზაქციები კომერციული ვაჭრობა არ ყოფილა და სინქრონული მუშაობის ტექნიკურ საჭიროებებს უკავშირდებოდა. თურქეთიდან იმპორტი 16-22 აპრილს, თბოსადგურების გაჩერების პერიოდში განხორციელდა. მისი ღირებულება 0.7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 2.9 აშშ ცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს, თებერვლის გარდა, თურქეთიდან იმპორტი ყველა თვეში განხორციელდა,
რაც თურქეთის ბაზარზე ისტორიულად დაბალ ფასებს უკავშირდება. ფასების შემცირება, თავის მხრივ, ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გაზრდილ განახლებად გენერაციას უკავშირდებოდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.