თბილისსა და შანხაის შორის ავიამიმოსვლა ძალიან დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე - მარიამ ქვრივიშვილი
„თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსლის გადაწყვეტილება და ეს მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში" გასულ რეპორტაჟში.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისსა და შანხაის შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განსაკუთრებით დადებითად აისახება საქართველოს ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე.
თბილისსა და შანხაის შორის ისტორიული, პირდაპირი რეგულარული რეისი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესმა და წამყვანმა ავიაკომპანია China Eastern Airlines 15 ივლისს შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისით საქართველოს წამყვანი ჩინური მედია ეწვია, რომელიც გაეცნობა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
„ისინი იმოგზაურებენ საქართველოში, შესაბამისად, გააკეთებენ სიუჟეტებს, დაწერენ სტატიებს, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ჩინეთში პოპულარიზაციას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება - თორნიკე სულაბერიძე
20.07.2026.21:41
„ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება",- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.
„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.