თბილისში გამართულ ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმს 350-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და მონაწილე ესწრებოდა | დავით ნარმანია
თბილისში გამართულ ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმს 350-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და მონაწილე ესწრებოდა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ენერგეტიკა მართლაც ყოველთვის აქტუალურია, როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა იყო და წინა წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით გაზრდილი იყო და, რეალურად, მოხმარება ამ პერიოდის განმავლობაში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე წინა პერიოდში იყო.
მეორე მხრივ, წლევანდელი წელი გამორჩეული იყო იმით, რომ წყალუხვი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი გვქონდა, ანუ ინტენსიური ნალექები იყო. აქედან გამომდინარე, რეზერვუარიან ჰიდროსადგურებში წყალი საკმაოდ დიდი მოცულობით დაგროვდა და ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ პრაქტიკულად ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსებით, იმპორტის გარეშე, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გვემუშავა. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ იმპორტი მხოლოდ ზამთრის თვეებში, იანვარ-თებერვალ-მარტის პერიოდში განხორციელდა. იქაც ნაწილობრივ ენერგიის იმპორტი, ნაწილობრივ კი ბუნებრივი აირის იმპორტი, რომლის მეშვეობითაც თბოსადგურებზე ხდებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება.
საექსპორტო თვალსაზრისით, წელი აქტიური და გამორჩეული არ ყოფილა. ძალიან მცირე მოცულობით განხორციელდა ექსპორტი, ვინაიდან ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ანალოგიურად საკმაოდ ჭარბი ენერგია იყო და ენერგიის ღირებულება დაბალი იყო. აქედან გამომდინარე, ექსპორტიორებს კომერციული თვალსაზრისით არ უღირდათ ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტის განხორციელება.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საქმიანობას, მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას, კომისია კვლავაც აქტიურად მუშაობდა სამი კვარტლის განმავლობაში. ჩვენ გაზაფხულზე დავადგინეთ ახალი სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგეტიკის სექტორში. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სამი კვარტლის განმავლობაში მომხმარებლებს მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ არასწორად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანების სახით.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ სწორედ ამ პერიოდში ვუმასპინძლეთ ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმს, რომელიც თბილისში ჩატარდა. 350-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და მონაწილე გვყავდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი გამოცდილება ჩამოიტანეს. კარგად ორგანიზებულმა და ჩატარებულმა ფორუმმა შესაბამისი გამოხმაურებები ჰპოვა მათი მხრიდან, მათსავე ქვეყნებში, სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებსა და გამოცემებში დაიწერა ამის შესახებ, რამაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ამ თვალსაზრისითაც, ანუ როგორც ენერგეტიკულად საინტერესო, მიმზიდველი და მოწესრიგებული ქვეყნისა, გაზარდა. ესეც ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანი საკითხი იყო“, - აცხადებს დავით ნარმანია.
სხვა სიახლეები
მზისა და ქარის სადგურების დაბალანსებისთვის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მნიშვნელოვანია - დავით ნარმანია
06.11.2026.18:19
მზისა და ქარის სადგურების დაბალანსებისთვის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.