თბილისში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნა
თბილისში „ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი" გაიხსნა, რომლის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს, შეფასებისა და პრაქტიკული გამოყენების პროცესს გაეცნობიან.
ტრენინგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისთან ერთად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს და მისი მდგრადი განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ინგა ფხალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული ცოდნის გაძლიერებას, საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვასა და მდგრადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მდგრადი ჰიდროენერგეტიკის ძირითად პრინციპებს, ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო სტანდარტის სტრუქტურას და მოთხოვნებს, შეფასების მეთოდოლოგიას, ანგარიშგების ფორმატებს, ასევე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების, განსახლების, კომუნიკაციისა და კონსულტაციების საკითხებს შეისწავლიან.
ტრენინგი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის ალიანსის, საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის ასოციაციისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამშრომლობით იმართება.
სხვა სიახლეები
საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ინგა ფხალაძე
13.08.2026.22:47
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.
„საქართველო ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის, პირველ რიგში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ევროპაში მოხვედრას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინგა ფხალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროპასთან, რაც ქვეყანას გეოგრაფიული ფაქტორის გამო აქამდე არ ჰქონია.
„ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა, ვინაიდან ტრანზიტის გარდა, ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტსაც განვახორციელებთ. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს და ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.