თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება - Galt & Taggart
თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება, 2023 წელს დაფიქსირებული პიკური ქირის (11.8 აშშ დოლარი) შემდეგ. ამის შეახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. ირკვევა, რომ ეს ტენდენცია ნოემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასმა კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა.
„სამშენებლო ნებართვების მოცულობა 2024 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში შემცირების შემდეგ, ბოლო ორი თვეა მკვეთრად მზარდია, წლიური 55.8% და 74.3%-იანი ზრდით ოქტომბერ-ნოემბერში, შესაბამისად. ჯამში, 2024 წლის 11 თვეში გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 5.9%-ით შემცირდა“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826