თბილისში სავაჭრო უძრავი ქონების ჯამურმა მოცულობამ 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია - ზუკა თავყელიშვილი
სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების ბაზარი გარდამავალ ფაზაშია და მომდევნო წლებში მიწოდების ტემპის დაჩქარებული ზრდაა მოსალოდნელი, - აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი ზუკა თავყელიშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ზუკა თავყელიშვილი განცხადებით, თბილისში სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 2025 წლის ბოლოსთვის 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია, სადაც ყველაზე დიდი წილი ბაზრობებზე მოდის, ხოლო სავაჭრო მოლებსა და ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებს ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავიათ.
„საკმაოდ დიდი ხანია, ამ ბაზრებზე ასეთი დეტალური კვლევა არ გვქონია. როგორც, მაგალითად, გასულ წელს სასაწყობო ბაზარი გააქტიურდა და ჩვენც მაქსიმალურად დროულად მოვახდინეთ რეაგირება და ბაზარს კვლევის შედეგები შევთავაზეთ, სწორედ ასეთივე მომენტი იყო ახლაც, როდესაც საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა.
სავაჭრო უძრავი ქონებით რომ დავიწყოთ, ჩვენს კვლევაში სამი ძირითადი სავაჭრო ფორმატი გვქონდა განხილული: ბაზრობები, სავაჭრო მოლები და ცენტრალური სავაჭრო ქუჩები. მათგან, 2025 წლის ბოლოსთვის, ჯამური მოცულობა კონკრეტულად თბილისში 1 300 000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი წილი ბაზრობებზე მოდის, რასაც შემდეგ უკვე სავაჭრო მოლები მოსდევს, მთლიანი მიწოდების მესამედით. ბოლოს კი ცენტრალური სავაჭრო ქუჩებია, ეგრეთ წოდებული High Street Retail, რომელსაც 9%-იანი წილი უჭირავს. ამ მიმართულებით ოთხი ძირითადი გამზირი გვაქვს მიმოხილული: რუსთაველი, ჭავჭავაძე, პეკინი და აღმაშენებელი“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ Galt & Taggart-მა კვლევა „სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს.
„2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის.
მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება.
მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა“, - განმარტებულია Galt & Taggart-მა კვლევაში.
სხვა სიახლეები
საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - თამარ იოსელიანი
16.07.2026.01:00
„საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.
„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.