თბილისში სავარაუდო ე.წ. დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას.
ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იყო დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826