თბილისში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ აჩვენონ რეგიონს, რის გაკეთებას აპირებენ შუა დერეფნის განვითარებისთვის - ღირდა ფაქირი
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში, მონაწილეობას მივიღებ აბრეშუმის გზის ფორუმში და მოდერატორობას გავუწევ ფორუმის გახსნით სესიას, ასევე, კიდევ ერთ სესიას, რომელიც ეძღვნება „შუა დერეფნის" მზარდ მნიშვნელობას. ვფიქრობ, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც თბილისში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ რეალურად აჩვენონ რეგიონს, რის გაკეთებას აპირებენ შუა დერეფნის განვითარებისთვის" - ამის შესახებ საერთაშორისო სამაუწყებლო ჟურნალისტი, ღიდა ფაქრი აცხადებს, რომელიც 26 ოქტომბერს თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელ ღონისძიებას გაუძღვება.
მისივე შეფასებით, ძალიან დროულია დისკუსიების გამართვა მსოფლიო ლიდერებისა და რეგიონის მაღალჩინოსნების მონაწილეობით თბილისში - ქალაქში, რომელიც, მისი განცხადებით, ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს უძველესი აბრეშუმის გზის ფუნქციონირებაში.
„ეს არის ქალაქი, რომელიც მონდომებულია ააღორძინოს ძალიან სასარგებლო, თანამედროვე და პერსპექტიული ახალი აბრეშუმის გზა. ვფიქრობ, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ რეალურად აჩვენონ რეგიონს, სხვა დაინტერესებულ მხარეებს, თუ რის გაკეთებას აპირებენ შუა დერეფნის განვითარებისთვის, როგორ გეგმავენ გაუმკლავდნენ დარჩენილ გამოწვევებს და როგორ იღვწიან ამ ახალი შესაძლებლობებისთვის" - აღნიშნა ფაქრიმ.
აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი პანელი სახელწოდებით Increasing Role of the Middle Corridor, რომელსაც მოდერატორობას ღიდა ფაქრი გაუწევს, 26 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. წლევანდელ ფორუმზე, რომელშიც 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან, დაგეგმილია 10-ზე მეტი სესია, სადაც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა, ასევე შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.
ღიდა ფაქრის მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებთან თანამშრომლობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი იყო TRT World-ის ფლაგმანი ამერიკული პოლიტიკური გადაცემების (Inside America with Ghida Fakhry, Bigger than Five) წამყვანი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ღიდა მოდერატორობას უწევდა მაღალი დონის პანელებს, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიო ლიდერები, ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი ეკონომისტები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და ცნობილი ხელოვანები.
ფაქრი უძღვებოდა მაღალი დონის პანელებს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორებიცაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსსა და სამხრეთ აფრიკაში, ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტი და სხვა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826