თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლებას აქვეყნებს
თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს:
„მაისის სავალუტო შემოდინებები წლიურ ჭრილში დანორმალიზდა, განსაკუთრებით აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, სადაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეს ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. გზავნილების მხრივ, აღსანიშნავია, რომ შესაბამისი შესწორების შემდეგ, ზრდის ტემპი მაინც შედარებით მაღალია. წინა პერიოდთან მიმართებით - ნაკლები, თუმცა მაინც ასევე მაღალია ტურისტული შემოდინებები მიგრანტების სრულად და ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაშიც. წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება კვლავ ძლიერია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მაისში ლარის სისუსტე სწორედ შეცვლილი სენტიმენტების შედეგი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ უახლესი მონაცემებით, კერძოდ დეპოზიტების ყოველდღიურ სავალუტო კომპოზიციაზე დაყრდნობით, სენტიმენტები კვლავ უკვე ლარის სასარგებლოდ შეიცვალა.
მიმდინარე კვირა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხით იქნება საინტერესო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, როგორც შერბილების, ასევე განაკვეთის უცვლელად დატოვების არგუმენტებიც არსებობს, თუმცა როგორც ჩანს, მათი უმეტესობა შერბილების მხარდამჭერია. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზი მიმდინარე წლის დეკემბრისათვის, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას ითვალისწინებდა, მართალია მცირედით, მაგრამ უფრო პესიმისტური ჩანს, ვიდრე ოპტიმისტური“, - ნათქვამია განახლებაში. .
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826