თიბისი კაპიტალმა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა
თიბისი კაპიტალმა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დააკორექტირა და ის 7,4%-დან 9%-მდე გაზარდა. როგორც თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, თიბისის არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9%-ით განისაზღვრება.
„ამასთან, ძლიერი სავალუტო შემოდინებები ასევე იწვევს ე.წ. ბუფერების დაგროვებას. საკუთრივ, წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სებ-ის სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, როგორც ყოველთვის, სენტიმენტების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. ამ კუთხით ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი, სავალუტო შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეს გარემოება ლარის კურსზე არ ისახება. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაც კი არის შესაძლებელი. და მეორე, ერთგვარად, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ აგვისტოში არარეზიდენტების წილი ლარის სახელწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში ოთხთვიანი კლების შემდეგ კვლავ გაიზარდა“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826