მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

news image
mbc image

განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი.

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ოთხშაბათს იწურება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღესაა დაგეგმილი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, შეხვედრის გამართვის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შესაბამისად, გლობალურ ბაზრებზე განწყობები მერყევი რჩება. ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაპირველი განცხადების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა, თუმცა ორშაბათს ვაჭრობის განახლების შემდგომ კვლავ 95 აშშ დოლარამდე გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ, სხვადასხვა საზომით, ფიზიკური ბარელი ნავთობის რეალური ფასი, დაახლოებით, 30 აშშ დოლარით უფრო მაღალიცაა. ამავდროულად, გუშინ მცირედი გამყარების მიუხედავად, აშშ დოლარი, ფაქტობრივად, ესკალაციამდე ნიშნულს დაუბრუნდა - როგორც ევროსთან, ასევე ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით - რაც, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, მიუთითებს, რომ ევრო-დოლარის წყვილზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების კუთხით საერთო სურათი მეტწილად უცვლელია.  

საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 4.5%-დან 6.1%-მდე ზრდის:

ა) მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შედარებით მოკლე ვადაში დასრულდება, ტურიზმზე ნეგატიური ეფექტი კი, გარკვეულწილად, სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის, ასევე პოტენციურად მიგრაციის ეფექტისა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მოთხოვნის ზრდით დაბალანსდება.

ბ) საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მოსალოდნელზე მაღალია.

გ) - პროგნოზის გაზრდის შედარებით ყველაზე წონადი ფაქტორი. ადრინდელი მოლოდინებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში ომი მოკლე ვადაში დასრულდება. ამდენად, ომისშემდგომი სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საქართველოში უფრო მაღალი ზრდის არგუმენტია.

რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში თებერვალზე მცირედით მაღალია, მაგრამ არარეზიდენტების ხარჯებში - რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზირებისთვის გამოიყენება - ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება. ამავდროულად, მარტის შემდგომ დაბალი რჩება საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა, განსაკუთრებით ბათუმში, თუმცა ბოლო დღეებში თბილისში გარკვეულწილად მატებაც შეინიშნება.

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (კვარტალური მონაცემები) პირველ კვარტალში წლიურად თითქმის არ შეცვლილა - 1.2 მილიონი (-0.2%). ვინაიდან იანვარსა და თებერვალში, წინასწარი შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლები საკმაოდ მაღალი იყო, აღნიშნული დინამიკა მარტში შესამჩნევ კლებაზე მიუთითებს. გეოგრაფიულ ჭრილში, მოთხოვნის ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, რამაც დიდწილად დააბალანსა შემცირებული ვიზიტები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკის გარკვეული ქვეყნებიდან. მნიშვნელოვან შეკითხვად რჩება მიმდინარე მოვლენების გავლენა რეგიონს მიღმა ქვეყნებიდან ვიზიტებზე, განსაკუთრებით კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.

თუმცა, მიუხედავად სტუმარმასპინძლობის სექტორში შენელებისა, წმინდა სავალუტო შემოდინებების ყოველთვიური საზომი, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან შემოსავლებს აერთიანებს, მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა. საქონლის ექსპორტი წლიურად 24%-ით გაიზარდა, სასაქონლო პროდუქტებზე მაღალი ფასების ფონზე, ჩვენი პროგნოზის შესაბამისად, ხოლო იმპორტი - 4.7%-ით. ამავდროულად, წლიურად 10%-ით მოიმატა ფულადმა გზავნილებმა. მათ შორის 25%-ით გაიზარდა ჩარიცხვები ისრაელიდან, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის ესკალაციამდე, იანვარ-თებერვალში, ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენდა.

ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც მარტის დასაწყისში დეპოზიტების კონვერტაციების ფონზე გაუფასურდა, აპრილში უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მყარდება, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია და მიუთითებს, რომ სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროები, გარდა ტურიზმისა, მაღალ ნიშნულზე რჩება. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.

და ბოლოს, წლიური ინფლაცია თებერვლის 4.6%-დან მარტში 4.3%-მდე შენელდა, თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვნად არის განპირობებული პურის ფასებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტებით, რაც აპრილშიც გაგრძელდება. ჯამურად, პურის ფასის შარშანდელი ზრდის ეფექტი ინფლაციაზე ჯერ კიდევ 0.6 პროცენტული პუნქტი რჩება, რაც წლის განმავლობაში ამოიწურება. საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ამ საბაზო ეფექტებს გამორიცხავს, 8.6%-მდე აჩქარდა. იმავე მაჩვენებელმა იმპორტული ინფლაციისთვის 10.4%-ს მიაღწია, საწვავის ფასების ზრდის ფონზე, რაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აპრილში საწვავის ფასების დამატებითი ზრდა, ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ტარიფისა და გლობალურად საკვებზე, სასუქებსა და ტრანსპორტირებაზე ხარჯების ზრდასთან  ერთად, ინფლაციურ ზეწოლას გააძლიერებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 5.6%-ს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზზე 2 პროცენტული პუნქტით მეტია. საბაზო სცენარით, სასაქონლო პროდუქციაზე ფასები თანდათან შემცირდება, თუმცა კონფლიქტამდე ნიშნულებზე ზემოთ დარჩება. კერძოდ, მაგალითად, ნავთობის ფასი, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 80 აშშ დოლარს გაუტოლდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: 

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007479-macro-update-georgia

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები არის დაგეგმილი როგორც სამოქალაქო მიმართულებით, ასევე საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

17.06.2026.13:00

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ეკონომიკური ფორუმის 30-ე საიუბილეო ფორუმზე ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სექტორისადმი მიძღვნილმა პანელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც როგორც დისკუსიის ხანგრძლივობით, ისე აუდიტორიის აქტიური ჩართულობით გამოიხატა. მისი თქმით, სექტორის მიმართ მზარდი ყურადღება და ხელისუფლებასთან მიმდინარე აქტიური დიალოგი ინფრასტრუქტურული მიმართულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ნამდვილად სასიხარულოა, რომ 30-ე საიუბილეო ეკონომიკური ფორუმის თემად ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სექტორი შეირჩა. პანელის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დისკუსია ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა და, თავად ამ სექტორის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდხანს გასტანა. მსჯელობა იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ შეიძლება ითქვას, სარეკორდოც კი იყო. დამსწრე საზოგადოებაც საოცრად აქტიურად ჩაერთო კითხვა-პასუხის რეჟიმში, რასაც ჩვენ, ცალსახად, ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ.

მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორული გაერთიანებაა. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ამ სექტორს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და სხვადასხვა საკითხზე მუდმივად აქტიური დისკუსიები გვაქვს“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი 3.5 მილიარდი ლარის ბიუჯეტის ეფექტიანი ათვისება სექტორის განვითარებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით 3,5 მლრდ ლარამდე არის მიმდინარე წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის რეალიზება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის სექტორისთვის და მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები არის დაგეგმილი როგორც სამოქალაქო მიმართულებით, ასევე საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ  გეგმების რეალიზება კოორდინაციაში იყოს კერძო სექტორთან და განსაკუთრებით ადგილობრივ კომპანიებთან, რამე თუ დროულად მოხდეს იმ რესურსების მობილიზება, რაც არის საჭირო იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს როგორც ერთ-ერთ მსხვილ კაპიტალური ინვესტიციების განმახორციელებელ სამინისტროს. მოგეხსენებათ, რომ დღეს სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ხარისხის კომპონენტი და ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი რეფორმა განხორციელებულიყო ამბიციური მათ შორის ფასწარმოქმნის ნაწილში, რამეთუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფასი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხარისხი. ბოლო პერიოდში სექტორში ხარისხი ნაკლებად იყო პრიორიტეტი, აქცენტი უფრო ფასზე გადადიოდა და გვქონდა განცდა, რომ იაფად რაღაც ხარისხიანს ვიყიდდით. მაგრამ ცალსახად მივესალმებით იმას, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი აქცენტი გადაიტანა ხარისხზე. ვფიქრობთ, ეს თავის მხრივ ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ დასახული მიზნების მიღწევის დროს მაქსიმალურად იმპლემენტირდეს თანამედროვე ტექნოლოგიები და საინჟინრო ინოვაციები“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა