მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

news image
mbc image

ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება

ეკონომიკური ზრდა აგვისტოში 6.3%-მდე შენელდა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო მაჩვენებელმა 7.6% შეადგინა, რაც 2026 წელს თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი ზრდის საბაზო სცენართან თანხვედრაშია. ამავე დროს, უახლესი ინდიკატორები სექტემბერში ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს: რეალური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი აგვისტოსთან შედარებით მცირედით მაღალია, როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების შემთხვევაში, ხოლო საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, სექტემბრის ბოლოს გარკვეულწილად ნორმალიზების მიუხედავად.

სტრუქტურის მხრივ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კვლავ დიდწილად მოხმარება განაპირობებდა, რომელზეც ჯამური ზრდის 70% მოდიოდა, გასული წლის პირველი ნახევრის მსგავსად. საპირისპიროდ, შემცირდა ინვესტიციების კონტრიბუცია, ხოლო წმინდა ექსპორტის - გაიზარდა. ამავდროულად, სექტორულ ჭრილში, ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდიოდა, მათ შორის მხოლოდ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე 29%. მეორე მხრივ, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის კონტრიბუცია მხოლოდ 6% იყო, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, რადგან ამ საქონლის ღირებულების დიდი ნაწილი შესყიდულ ნედლეულსა და გაზრდილ ფასებზე მოდის.

სექტემბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 5.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა აღნიშნულს ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თვიურად 33%-იანი კლება განაპირობებდა, რამაც წლიური ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. ბენზინისა და დიზელის ფასების კონტრიბუცია აგვისტოს 1.1 პპ-დან სექტემბერში 1.5 პპ-მდე გაიზარდა, ნავთობზე გლობალურად მომატებული ფასების ფონზე. გარდა ამისა, თვიურად 1.5%-ით გაიზარდა საკვების გლობალური ფასების ინდექსი და, სექტემბრის მდგომარეობით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის პროგნოზზე საპირისპიროა: უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის კლება წლიურ ინფლაციას 2027 წლის სექტემბრამდე 0.8 პპ-ით შეამცირებს, ხოლო ნავთობისა და საკვების მზარდი ფასები პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ინფლაციის ფაქტორების დეტალურ ანალიზსა და საბაზო სცენარზე გავლენის შესახებ თიბისი კაპიტალი მკითხველს პუბლიკაციას უახლოეს დღეებში შესთავაზებს.

საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც სებ-მა 9 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფინანსური გარემო გლობალურად კიდევ უფრო გამკაცრდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით გაზარდეს, ხოლო ბაზარი ორივე მათგანისგან დეკემბერში განაკვეთის დამატებით ზრდას ელოდება. მაღალ ნიშნულზე რჩება ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთებიც. უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს და პოლიტიკის გამკაცრების მხარდამჭერი არგუმენტია, როგორც ეს თიბისი კაპიტალის აგვისტოს მიმოხილვაშიც იყო მითითებული. ამ ფონზე, სებ ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტებს, რომლებიც აგვისტოში აამოქმედა, სექტემბერშიც იყენებს. ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო მაღალია.

აგვისტოში, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის პარალელურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა, ფულადი გზავნილების კლების მიუხედავად. ექსპორტის ძლიერი და იმპორტის სუსტი ზრდის ფონზე, სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მართალია, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია, თუმცა გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. სასაქონლო პროდუქციისა და ავტომობილების გამორიცხვით, ექსპორტის ზრდის ტემპი მაღალი რჩება, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე. ამავდროულად, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით და ყირგიზეთიდან თვიურად 73%-ით შემცირებას უკავშირდება. რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის გამორიცხვით, გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც რუსეთიდან გზავნილები თვიურად 42%-ით შეამცირა, თუმცა მომდევნო თვეებში გზავნილების დიდი ნაწილი სხვა სისტემებზე გადავიდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.

თავის მხრივ, ლარის ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტების მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის კლების მიუხედავად, კვლავ იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, სახაზინო ობლიგაციების 12.9% არარეზიდენტების საკუთრებაში იყო, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 სექტემბერს საქართველოს სახაზინო ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში მოხვდა, რაც არარეზიდენტების მოთხოვნის დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია.

აგრეთვე, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე სებ-მა 556 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი დაახლოებით 2.60 ლარის დონეზეა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვებშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:  

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007722-macro-update-georgia

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - TBC Capital

08.10.2026.14:00

TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივლისი 2026” აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს.

სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 40 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა.

,,ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 20 % და 16%-ით გაიზარდა.

⁠ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში
რეზიდენტებმა 79%, ხოლო არარეზიდენტებმა 21% დაიკავეს. ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 26% სურსათზე, ხოლო 17% რესტორნებში გაწეულ ხარჯებზე მოდის.

⁠ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო
საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 18 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და
უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა . სამომხმარებლო საქონელზე ჯამური დანახარჯების 60% მოდის - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60 % და 40 % შეადგინა.

⁠ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო
დანახარჯებში 44 %-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების უდიდეს წილს არარეზიდენტები იკავებენ - 202 6 წლის აგვისტოში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო
დანახარჯები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე
საშუალო დანახარჯმა 485 ლარი შეადგინა.

⁠ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში გაწეული ჯამური უნაღდო
დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 19% და
81%-ად განაწილდა . არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები
სასტუმროებში წლიურად გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტების მიერ სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი 207 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე თვეში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 26%-ით
გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო დანახარჯმა ერთ
ტრანზაქციაზე 704 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები რესტორნებში
წლიურად მზარდია - 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 40 ლარი შეადგინა.

⁠ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო
დანახარჯების 64 % რეზიდენტებმა, ხოლო 36% არარეზიდენტებმა დაიკავეს. რესტორნებში რეზიდენტების საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 30 ლარია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში რეზიდენტების
უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის
მოცულობა 30 ლარი დაფიქსირდა.

⁠ამავე თვეში რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად
17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე,
მაჩვენებელი 99 ლარს გაუტოლდა. ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო
დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯის მოცულობამ ერთ ტრანზაქციაზე 108 ლარი შეადგინა.

⁠ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული
ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს
შორის, შესაბამისად, 74% და 26% შეადგინა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მზარდია - 202 6 წლის აგვისტოში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 16%-ით გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 94 ლარი შეადგინა. ⁠ამავე თვეში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 186 ლარს გაუტოლდა. საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 64 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე პერიოდში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები
წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 35 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 17% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ფარმაციაზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯის მოცულობას ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 29 ლარს გაუტოლდა.

⁠ამავე თვეში უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე თიბისი ბანკის არხებით
წლიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 81 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ელექტრონიკაზე წლიურ ჭრილში გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 13%-ით გაიზარდა. ⁠ამავე პერიოდში ავეჯსა და მოწყობილობებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 17%-ით გაიზარდა გასული წილს აგვისტოსთან შედარებით. უნაღდო დანახარჯები სამშენებლო მასალებზე წლიურად 11% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა", - აღნიშნულია TBC Capital-ის ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა