მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

news image
mbc image

სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება.

სექტემბრის მკვეთრი კლების შემდეგ, ოქტომბერში უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებების მაჩვენებელი გაუმჯობესდა და წლის საშუალო დონეს დაუბრუნდა. თუმცა ფაქტორები, რომლებიც სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბეს განაპირობებს, ბოლო თვეებში გარკვეულწილად შესუსტდა: ექსპორტის ზრდა შენელდა, იმპორტის ზრდა დაჩქარდა, ფულად გზავნილებზე უარყოფითად აისახა გადარიცხვების ერთ-ერთი მსხვილი რუსული სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ხოლო ტურიზმში, ოქტომბრამდე ძლიერი ზრდის შემდეგ, შენელების ნიშნები გამოჩნდა. ამ ფონზე, სებ-ის სავალუტო შესყიდვები, ჩვენი შეფასებით, საგრძნობლად შემცირდა, აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსი კი 2.59–2.60-ის ფარგლებში დასტაბილურდა.

მნიშვნელოვანია, რომ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე ფიქსირდება. ასეთ პირობებში შემოდინებების კლება უფრო მეტად სებ-ის მიერ რეზერვებისთვის შესასყიდი უცხოური ვალუტის მოცულობას ამცირებს, ვიდრე უშუალოდ ლარის გაცვლით კურსზე ქმნის ზეწოლას. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში, როდესაც აშშ დოლარი გლობალურად გამყარდა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტები გაუფასურდა, ლარი სტაბილური დარჩა.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერატიული მონაცემები, რომელთაც მიმდინარე მდგომარეობის რეალურ დროში შესაფასებლად ვიყენებთ, საგარეო ნაკადების სრულ სურათს ვერ ასახავს. ჩვენი შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტირებული მოგების გარეშე, რომელიც წლის პირველ ნახევარში ძირითადად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტმა გააუმჯობესა, მესამე კვარტალშიც დადებითი დარჩა. თუმცა მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანიფინანსური ნაკადებია, რომელთა შესახებ ოპერატიული მონაცემები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ბოლო ოთხ კვარტალში რეზერვების 2.3 მილიარდი აშშ დოლარით ზრდის დაახლოებით 90% სწორედ ფინანსურმა შემოდინებებმა, უპირველეს ყოვლისა ბანკების მიერ საზღვარგარეთიდან მოზიდულმა სახსრებმა, უზრუნველყო. უახლესი დინამიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2026 წლის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რეინვესტიციის გამორიცხვით, დაახლოებით მშპ-ის 0.5% იქნება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 0.7-0.8%-ს შეადგენდა.

უშუალოდ კომპონენტების დინამიკის კუთხით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წლიური ზრდა იანვარ-აგვისტოს 22%-დან სექტემბერ-ოქტომბერში დაახლოებით 5%-მდე შენელდა, იმპორტის ზრდა კი 9%-დან დაახლოებით 15%-მდე დაჩქარდა. ექსპორტის შენელების დიდი ნაწილი ავტომობილების რე-ექსპორტის კლებას და ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება: სპილენძის მადნების ექსპორტი სექტემბერში შეჩერდა (ოქტომბერში განახლდა), გასული წლის სექტემბერში კი ნახატებისა და თვითმფრინავების ერთჯერადი ექსპორტი დაფიქსირდა. თუმცა ზრდა სხვა პროდუქტებზეც, ძირითადად სურსათსა და სასმელებზე, შენელდა. ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ავტომობილების იმპორტის შემცირებამ თითქმის სრულად დააბალანსა, იმპორტის დაჩქარება კი ძირითადად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემოტანამ განაპირობა. მართალია, ნედლი ნავთობის იმპორტი ნავთობპროდუქტების ექსპორტთან ერთად იზრდება, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში ნავთობისა და საწვავის იმპორტზე ხარჯი ორჯერ მეტით გაიზარდა, ვიდრე ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, გასული წლის ძლიერი ნოემბრის გამო, მიმდინარე წლის ნოემბერში ექსპორტი წლიურ ჭრილში შესაძლოა შემცირდეს კიდეც.

სავაჭრო ბალანსზე მოქმედი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო პირობები - ექსპორტის ფასების ფარდობა იმპორტის ფასებთან - კვლავ გაუარესდა. თუკი წლის დასაწყისში საექსპორტო საქონლის ფასები იმპორტის ფასებზე მეტად იყო გაზრდილი, ძირითადად ლითონების გაძვირების ხარჯზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა ნავთობის მკვეთრი გაძვირების გამო, ეს პოზიტიური ეფექტი მიილია. საყურადღებოა, რომ ნოემბერში ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე საგრძნობლად შემცირდა, ხოლო საქართველოშიც საწვავის ფასებმა მცირედით უკვე იკლო. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პირობებზე წმინდა ეფექტი დადებითი იქნება. 

ამასთან, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბერში კვლავ ძლიერი იყო, თუმცა ბოლო კვირების მონაცემები გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შესაფასებლად გამოიყენება, სექტემბრის პიკთან შედარებით 2.5%-ით დაბალია. საპირისპიროდ, რეზიდენტების ხარჯვა კვლავ იზრდება.

ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. კლების დიდი ნაწილი რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გზავნილებზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში გადმორიცხვები დროებით შეწყდა. სხვა სისტემებითრუსეთიდან გადმორიცხული თანხა სექტემბერთან შედარებით გაიზარდა და 11.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს სანქციებამდე არსებული თანხის მხოლოდ მეოთხედია. ნოემბრის შუა რიცხვებში Zolotaya Korona-მ საქართველოში გადარიცხვები განაახლა, რაც მომდევნო თვეებში გზავნილების აღდგენას შეუწყობს ხელს, თუმცა აღდგენის ნაწილი შესაძლოა სხვა არხებიდან დაბრუნებულ თანხებსაც ასახავდეს.

იანვარ-სექტემბერში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ოქტომბრის ბოლოს კი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ 8.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული რეზერვების ადეკვატურობის ნორმის 130%-ია. საგარეო შემოდინებების ბალანსის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შესყიდვები სექტემბრის დონესთან ახლოს იქნება.

რაც შეეხება ლარის პერსპექტივას, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე კვლავ ლარის მხარდამჭერია, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად. აგრეთვე, ჩვენი შეფასებით, ლარი კვლავ იმაზე სუსტია, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები მოიაზრებს, როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან ჭრილში. მეორე მხრივ, აშშ დოლარის გლობალურად გამყარება და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის შენელება ლარის გამყარებისთვის უარყოფითი ფაქტორებია. ამასთან, შესყიდვების დღევანდელი ტემპით რეზერვების სასურველ დონემდე შევსებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური ზეწოლის გაძლიერებისა და გამკაცრებული საგარეო ფინანსური პირობებისფონზე, მაღალია ალბათობა, რომ დეკემბერში სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-დან 8.5%-მდე გაზრდის. თუმცა, ნოემბრის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ფაქტორია. საბოლოოდ, სებ-ის მიერ რეზერვების დაგროვების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.58 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ წინა თვეებში ტენდენციები უფრო ძლიერი ლარისკენ იხრებოდა, ამჟამად დინამიკა მეტად დაბალანსებულია. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007781-macro-update-georgia

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბაზრის ღიაობა აძლიერებს კონკურენციას, პროცესების სისწრაფე უზრუნველყოფს შესაძლებლობების წარმატებით გამოყენებას, გამჭვირვალობა ზრდის ნდობასა და პროგნოზირებადობას, ხოლო ინფორმირებული მომხმარებელი ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას - შოთა ბერეკაშვილი

19.11.2026.15:39

საქართველოში მოქმედი ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, მის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით მიმართეს.

„საქართველო კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კონფერენციას მეხუთედ მასპინძლობს. აღნიშნული ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღსრულების კუთხით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში დრამატული ცვლილებები განხორციელდა და ამ პროცესში კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა ვმონაწილეობდით. განცალკევებით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში საკმაოდ შთამბეჭდავია, ვერ იქნება ქვეყნის კეთილდღეობის მაჩვენებელი. ამის მანიშნებელი ნამდვილად შეიძლება იყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თითოეულ ადამიანზე, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი პოლიტიკის, როგორც სახელმწიფო პროდუქტის, ასევე ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს მომხმარებლები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტად რჩება როგორც მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულების კონტროლი, ისე თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობა და ის გამოცდილება, რომელიც პარტნიორ სახელმწიფოებს აქვთ, ჩვენს ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. „ჩვენ უკვე გავიარეთ მნიშვნელოვანი გზა მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი აღიარებიდან, მათ დაცვამდე. ახლა ჩვენი ამოცანაა, მომხმარებლებისთვის ეს უფლებები კიდევ უფრო ხელშესახები გავხადოთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, მნიშვნელოვანია, ბიზნესისთვის კონკურენტული და გამჭვირვალე გარემო შეიქმნას, რომლის პირობებში მომხმარებელი მიიღებს არჩევანის მრავალფეროვნებას და საუკეთესო ფასს სამომხმარებლო ბაზარზე.

„პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ისეთი ბიზნესგარემოს შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარებას, ბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, სერვისების მრავალფეროვნებას და შედეგობრივად, მომხმარებლის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომიტეტის საქმიანობის მთავარი პრინციპებია: კონკურენციის გაძლიერება, პროცესების სისწრაფე და გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინფორმირებულობა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონკურენციის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. მისი თქმით, ღია ბაზრის პრინციპების გაძლიერებით შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა, ინოვაციების სწრაფი დანერგვა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება.

შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, პროცესების სისწრაფისა და გამჭვირვალობისთვის, ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მკაფიო, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი გარემო. მისი თქმით, გამჭვირვალობა ამცირებს გაურკვევლობას, ზრდის ნდობას ბაზრის მონაწილეებს შორის და ხელს უწყობს სამართლიანი კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის პრინციპების გაძლიერება როგორც მარეგულირებელ პროცესებში, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

კომიტეტის თავმჯდომარემ მომხმარებელთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელს პროდუქტებისა და მომსახურების ფასების, ხარისხისა და პირობების შესახებ სრული, ზუსტი და გასაგები ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რაც მას საშუალებას მისცემს, შეადაროს ბაზარზე არსებული შეთავაზებები და გააკეთოს თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი.

„ეს მიმართულებები ერთმანეთის შემავსებელია და ჯანსაღი საბაზრო გარემოს საფუძველს ქმნის. ბაზრის ღიაობა აძლიერებს კონკურენციას, პროცესების სისწრაფე უზრუნველყოფს შესაძლებლობების წარმატებით გამოყენებას, გამჭვირვალობა ზრდის ნდობასა და პროგნოზირებადობას, ხოლო ინფორმირებული მომხმარებელი ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საბანკო და საზედამხედველო სექტორებისა და 22 ქვეყნის ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა