თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საინვესტიციო შესაძლებლობა უზბეკეთში - მაკრო მიმოხილვა
დაახლოებით 50 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თიბისი კაპიტალმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების საწყის დღეებში გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით უზბეკური სუმი - უსაფრთხო აქტივი?" როგორც გასულ ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, მართლაც, სუმი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, აშშ დოლართან მიმართებით, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა და, დღევანდელი მდგომარეობით, ესკალაციამდე ნიშნულს, დაახლოებით, 1.5%-ითაც აღემატება.
რით არის განპირობებული სუმის სტაბილურობა? რასაკვირველია, აღსანიშნავია უზბეკეთის ეკონომიკის მდგრადობა, რაც საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირებიდან გამომდინარეობს - ერთი მხრივ, კონტრციკლური ოქრო, ხოლო, მეორე მხრივ, შედარებით პროციკლური სასაქონლო პროდუქტები. თუმცა, ოქროს ფასები წლის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ნიშნულთან შედარებით შემცირებულია, თავად აშშ დოლარი კი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე, მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გამყარდა. ამდენად, მართალია, საგარეო ფაქტორები, როგორც ყველა ღია ეკონომიკის შემთხვევაში, გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა სუმის როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო დინამიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვასა და ცენტრალური ბანკის სანდოობის ზრდას უკავშირდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესებულია. აღნიშნულ შეფასებას იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც მომდევნო წლის ბოლოსთვის ინფლაციის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შენელებას პროგნოზირებს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიუხედავად. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ უზბეკეთში დიზინფლაცია გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და - პირიქით. სწორედ ამ თეზისს ეყრდნობოდა ჩვენი პროგნოზი სუმის მოსალოდნელი გამყარების თაობაზე ჯერ კიდევ 2024 წელს, რაც მაშინ საბაზრო კონსენსუსს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების პროგნოზი გაცვლითი კურსის სტაბილურობასაც მოიაზრებს.
უახლესი დინამიკის კუთხით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.1% შეადგინა, ხოლო გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით - 5.9%. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში გაწლიურებული თვიური ინფლაცია პირველად მიზნობრივ მაჩვენებელსაც ჩამოსცდა და 4.1%-მდე შემცირდა. გარდა იმისა, რომ გაცვლითი კურსის სტაბილურობა იმპორტული ფასების არხით დიზინფლაციას უწყობს ხელს, ძალზე მნიშვნელოვანია გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზეც. ამ მხრივ, ცენტრალური ბანკის გამოკითხვაში მონაწილე იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც გაცვლითი კურსის მერყეობას ინფლაციური მოლოდინების ფორმირებისთვის წამყვან ფაქტორად მიუთითებენ, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ისტორიულ მინიმუმზეა.
ინფლაციისა და გაუფასურების შემცირებული მოლოდინები, თავის მხრივ, საპროცენტო განაკვეთების კლებასაც მოიაზრებს. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ აპრილში უზბეკეთმა ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული 3-წლიანი სუვერენული ობლიგაცია ბირჟაზე 12.25%-იანი განაკვეთით განათავსა. იმის ფონზე, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14%-ია, ეს ბაზარზე განაკვეთების კლების მოლოდინებზე მიუთითებს, რაც ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. საყურადღებოა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სუმის ჰეჯირების ხარჯები საგრძნობლად არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, როგორც ეს ხარჯები, ასევე საშუალო და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები, მათ შორის კერძო საბანკო დეპოზიტების, ჩვენი შეფასებით, ჯერ კიდევ ზედმეტად მაღალი რჩება. ამდენად, კვლავ მიმზიდველია ადგილობრივი ვალუტის შედარებით გრძელვადიანი პროდუქტები, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში გაანგარიშებით.
გარდა ამისა, განაკვეთების მოსალოდნელი ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პოზიტიურად იმოქმედებს ადგილობრივი კომპანიების ღირებულებაზეც. კერძოდ, ცნობილია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება კომპანიების საბაზრო ფასს ზრდის. ანალოგიურად, სუმის ნაკლები გაუფასურება და, მით უმეტეს, გამყარება, უზბეკეთში სხვადასხვა სექტორში საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მეტ დოლარის ეკვივალენტს ნიშნავს.
რისკების მხრივ, წამყვან პოზიციაზე კვლავ გეოპოლიტიკური მოვლენებია. როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიცვლება უზბეკეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების - ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის - ვალუტები. იუანის, რუბლის ან/და ევროს მატერიალური გაუფასურების შემთხვევაში, გარკვეული გადაცემა სუმზეც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ზემოაღნიშნული სტრუქტურული მდგრადობა ეფექტს ნაწილობრივ გაანეიტრალებს. ამასთან, ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ამჟამად სუმი სტაბილურობას ინარჩუნებს - და მყარდება კიდეც - ოქროზე ფასების კლებისა და აშშ დოლარის გლობალური გამყარების ფონზე, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, უზბეკეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი პოტენციური სტრესული სცენარია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს არგუმენტს, რომ დაბალი ოქროს ფასები ავტომატურად სუმის გაუფასურებას არ ნიშნავს, და პირიქით, იმ ფონზეც კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ბოლოდროინდელი მერყეობის მიუხედავად, ოქროს ფასები ისტორიულად კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ამ მხრივ, მკითველისთვის საინტერესოა თიბისი კაპიტალის 2 აპრილის პუბლიკაცია „ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში".
რაც შეეხება სხვა საშუალოვადიან ფაქტორებს, საგარეო ბალანსი უმჯობესდება, საინვესტიციო ნაკადები და საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად გაზრდილია, დაკრედიტების ზრდა კი ნორმალიზდა. საერთო ჯამში, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება - შესაძლოა, დამატებით გამყარებაც კი. უფრო მეტი ანალიტიკა პუბლიკაციის სრულ ვერსიაშია წარმოდგენილი.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები არის დაგეგმილი როგორც სამოქალაქო მიმართულებით, ასევე საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
17.06.2026.13:00
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ეკონომიკური ფორუმის 30-ე საიუბილეო ფორუმზე ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სექტორისადმი მიძღვნილმა პანელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც როგორც დისკუსიის ხანგრძლივობით, ისე აუდიტორიის აქტიური ჩართულობით გამოიხატა. მისი თქმით, სექტორის მიმართ მზარდი ყურადღება და ხელისუფლებასთან მიმდინარე აქტიური დიალოგი ინფრასტრუქტურული მიმართულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ნამდვილად სასიხარულოა, რომ 30-ე საიუბილეო ეკონომიკური ფორუმის თემად ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სექტორი შეირჩა. პანელის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დისკუსია ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა და, თავად ამ სექტორის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდხანს გასტანა. მსჯელობა იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ შეიძლება ითქვას, სარეკორდოც კი იყო. დამსწრე საზოგადოებაც საოცრად აქტიურად ჩაერთო კითხვა-პასუხის რეჟიმში, რასაც ჩვენ, ცალსახად, ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ.
მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორული გაერთიანებაა. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ამ სექტორს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და სხვადასხვა საკითხზე მუდმივად აქტიური დისკუსიები გვაქვს“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი 3.5 მილიარდი ლარის ბიუჯეტის ეფექტიანი ათვისება სექტორის განვითარებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით 3,5 მლრდ ლარამდე არის მიმდინარე წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის რეალიზება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის სექტორისთვის და მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები არის დაგეგმილი როგორც სამოქალაქო მიმართულებით, ასევე საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ გეგმების რეალიზება კოორდინაციაში იყოს კერძო სექტორთან და განსაკუთრებით ადგილობრივ კომპანიებთან, რამე თუ დროულად მოხდეს იმ რესურსების მობილიზება, რაც არის საჭირო იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს როგორც ერთ-ერთ მსხვილ კაპიტალური ინვესტიციების განმახორციელებელ სამინისტროს. მოგეხსენებათ, რომ დღეს სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ხარისხის კომპონენტი და ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი რეფორმა განხორციელებულიყო ამბიციური მათ შორის ფასწარმოქმნის ნაწილში, რამეთუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფასი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხარისხი. ბოლო პერიოდში სექტორში ხარისხი ნაკლებად იყო პრიორიტეტი, აქცენტი უფრო ფასზე გადადიოდა და გვქონდა განცდა, რომ იაფად რაღაც ხარისხიანს ვიყიდდით. მაგრამ ცალსახად მივესალმებით იმას, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი აქცენტი გადაიტანა ხარისხზე. ვფიქრობთ, ეს თავის მხრივ ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ დასახული მიზნების მიღწევის დროს მაქსიმალურად იმპლემენტირდეს თანამედროვე ტექნოლოგიები და საინჟინრო ინოვაციები“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.