ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2022 წელს 2,5-ჯერ გაიზარდა
2022 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 1,5 მილიონ ტონას მიაღწია,
ამის შესახებ ყაზახეთის სარკინიგზო ოპერატორის „ყაზახეთის თემირ ჟოლის“ (KTZ) პრესსამსახური იტყობინება.
გარდა ამისა, ამ დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირებულია 33,6 ათასი TEU (კონტეინერი 20 ფუტის ეკვივალენტში), რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 33%-ით მეტია.
იმავდროულად, საერთაშორისო ასოციაციის პროგნოზით, ტრანსკასპიურ მარშრუტის გასწვრივ 2022 წელს ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელი 6-ჯერ (3.2 მილიონი ტონამდე) უნდა გაზრდილიყო. საკონტეინერო ტრანსპორტირების გეგმა ითვალისწინებდა ზრდას 50 ათასი TEU-მდე, რაც 2-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.
ყაზახური მედიის ცნობით, 8 თებერვალს ალმათში TITM ასოციაციის გენერალური კრების სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც მონაწილეებმა ასოციაციის 2022 წლის საქმიანობის შედეგები შეაფასეს.
შეხვედრაზე TITR-ში ტვირთების მოზიდვისა და საკონტეინერო მიმოსვლის განვითარების სამუშაოების ეფექტურობის გაზრდის საკითხები განიხილეს.
„მიღწეულია შეთანხმებები 2023 წლისთვის მარშრუტის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობის გაზრდაზე. ამასთან განიხილეს რეგულარული შატლ- მატარებლის მოძრაობის საკითხი, რომელსაც ფიქსირებული გრაფიკი ექნება და ერთიანი სატრანზიტო პროდუქტის სტატუსს მიიღებს“, - აღნიშნავს KTZ.
რკინიგზის ოპერატორის ინფორმაციით, 2022 წელს TMTR-ით ყაზახეთის საქონლის ექსპორტი 6,5-ჯერ - 891 ათას ტონამდე გაიზარდა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.
დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.
მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826