ტრაპიზონში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - თურქეთის რესპუბლიკის მორიგი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს მხრიდან შერეული კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო თურქეთის მხრიდან - თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ტრანსპორტის რეგულირების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი - მურატ ბაშტორი.
ქართულ და თურქულ ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად, სხდომას ქვეყნებში რეგისტრირებული გადამზიდველთა ასოციაციების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, 2025 წლისთვის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზეც, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ სატრანსპორტო ოპერაციები თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.
შეთანხმების თანახმად ქართული მხარე თურქეთის მხარისგან მიმდინარე წელსვე მიიღებს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტების დამატებით რაოდენობას.
კომისიის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსაც, იდენტიფიცირდა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი პრაქტიკული ღონისძიებები. მოხდა შეთანხმება არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების შემდგომი განვითარების მიზნით შესაბამისი ნებართვების რაოდენობის გაზრდის თაობაზეც.
შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება ქვეყნებს შორის არსებულ სანებართვო დოკუმენტაციის ეტაპობრივ გაციფრულებასთან მიმართებითაც.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826