ციხისძირში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობაზე 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ინვესტიცია კი 80 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ლევან დავითაშვილი
აჭარის რეგიონში, ციხისძირში, Petra Sea Resort-ში, Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძე, აგრეთვე პროექტის პარტნიორი საერთაშორისო ტურისტული ბრენდების Accor ჯგუფისა და მასში შემავალი ბრენდის Pullman-ის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება, არის მაღალი სტანდარტის. სწორედ ასე წარმოგვიდგენია მომავალ წლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. როდესაც ვსაუბრობთ ამბიციურ გეგმაზე, თუ როგორ გაიზრდება ტურიზმი 2028 წლისთვის საქართველოში, როდესაც ვსაუბრობთ ახალ საწოლ ფონდებზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ეს იქნება მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სტუმრები მოვიზიდოთ ქვეყანაში. გეგმები, რომლებიც საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა საზოგადოებას, არის არა ვირტუალური დაპირება, არამედ გამყარებულია ისეთი პროექტებით, როგორიცაა Pullman-ის პროექტი," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში. მისი თქმით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და რეზიდენციების პროექტი 2028 წლის ბოლოსთვის სრული მასშტაბით ფუნქციონირებას შეძლებს. უშუალოდ მშენებლობის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარი დაჯდება. მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოს ტურიზმს ახალი მაღალი ხარისხის საწოლ-ფონდი შეემატება. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ახალი სასტუმრო კომპლექსები და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის ტურისტული ინფრასტრუქტურა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში უფრო მაღალმსყიდველობით უნარის მქონე ტურისტების შემოყვანას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული პროექტი მდგრადად განვითარდეს. მან ასევე დააანონსა სატრანსპორტო პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში მგზავრთა საზღვაო გადაყვანის აღდგენას ითვალისწინებს. ამ მიზნით, სასტუმრო კომპლექსის სიახლოვეს ნავმისადგომისა და იახტ-კლუბის მშენებლობაა დაგეგმილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826