წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია l მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ხედვის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამ საკითხზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„გასულ წელს დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, დაიწყო მოძრავი შემადგენლობის მასშტაბური განახლება და მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის გადაკვეთის დროის განახევრების მიმართულებით. ამასთან, სასაზღვრო პროცედურების დრო დაახლოებით 7.5-ჯერ შემცირდა, ხოლო საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით ნავსადგურებში გემების მომსახურების დრო 24 საათიდან 1 საათამდე შემცირდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გაწეულ ძალისხმევას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს, რაც რეკორდულ მაჩვენებლებში აისახა.
„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა - 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაზეც - ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზრდამ 30%-ს მიაღწია.
სხვა სიახლეები
ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი - თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე
29.09.2026.18:40
„მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს", -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რიგი ღონისძიებებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით 2040 წლამდე მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გაზრდა დაახლოებით 4-ჯერ და ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის შემცირება დაახლოებით 2/3-ით.
„მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური ეფექტი, რაც მოსალოდნელია აღნიშნული ღონისძიებების გატარების საფუძველზე. კვლევის თანახმად, მშპ რეგიონში დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, ასევე შეიქმნება დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფერს საქართველო პასუხობს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
„2032 წლამდე ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზებას და ასევე საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ დიდ სურათში, რაც გულისხმობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რადგან დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებლის მიღება დერეფნის ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში იქნება შესაძლებელი.