წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია l მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ხედვის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამ საკითხზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„გასულ წელს დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, დაიწყო მოძრავი შემადგენლობის მასშტაბური განახლება და მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის გადაკვეთის დროის განახევრების მიმართულებით. ამასთან, სასაზღვრო პროცედურების დრო დაახლოებით 7.5-ჯერ შემცირდა, ხოლო საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით ნავსადგურებში გემების მომსახურების დრო 24 საათიდან 1 საათამდე შემცირდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გაწეულ ძალისხმევას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს, რაც რეკორდულ მაჩვენებლებში აისახა.
„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა - 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაზეც - ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზრდამ 30%-ს მიაღწია.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - $600 მილიონზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს - $8 მილიარდს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა l ირაკლი კობახიძე
07.09.2026.12:03
საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საერთო სავალუტო რეზერვებმა.
„საერთაშორისო რეზერვები ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხით, ყველა პარამეტრი არის დაცული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არის მაღალი. წლევანდელი შვიდი თვის მაჩვენებელი არის 7.9%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეს ყველაფერი, იძლევა იმის საშუალებას, რომ გავზარდოთ სავალუტო რეზერვები და აქ ხაზი უნდა გაესვას ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან ეფექტიან მუშაობას - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს და მთლიანად ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის, სწორედ ამის შედეგია რეკორდულ ნიშნულზე არსებული სავალუტო რეზერვები", - განაცხადა პრემიერმა.