წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ფიქსირდება - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ექსპორტის ზრდა წარმოადგენს და ამ მიმართულებით, 2023 წლის განმავლობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება - საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია შევაფასოთ 6 თვის მონაცემები და უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველ ნახევარში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ფიქსირდება - მისი ზრდა დაახლოებით 19 პროცენტს შეადგენს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 19.2 პროცენტით გაიზარდა და 3,050.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ ექსპორტის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ასევე აღსანიშნია 2023 წლის ივნისში ექსპორტის 22.0 პროცენტით გაზრდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 2022 წლის ივნისშიც ექსპორტის მაღალი - 28%-იანი ზრდა გვქონდა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე რეკორდულია საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მოცულობა, რომელიც 20 პროცენტით არის გაზრდილი და დაახლოებით 10.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ექსპორტის წახალისება, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი წარმოების განვითარება წარმოადგენს - ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც ასევე დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებით" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826