საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა - საქსტატის წინასწარი მონაცემები
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია ქ. თბილისსა (56 პროცენტი) და ქ. ქუთაისში (55 პროცენტი), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულის (49 პროცენტი) და საგარეჯოს (49 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.
მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62 პროცენტი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38 პროცენტი) - სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66 პროცენტი), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20 პროცენტი), კახეთის (21 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24 პროცენტი) რეგიონებში.
2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2 პროცენტი.
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
აღწერის შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია ორ ეტაპად:
▶ წინასწარი აგრეგირებული შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში.
▶ აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში (შინამეურნეობების საბინაო პირობები, საცხოვრისის ტიპი, შენობის აშენების წელი, ფართობი და ოთახების რაოდენობა, საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები; მოსახლეობის დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლები; მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლების დონე, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია და იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი, სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრუქტურა, ერთწლიანი კულტურებით და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის სტრუქტურა, ხეხილის, ციტრუსის და ვაზის ძირთა რაოდენობა, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა).
სხვა სიახლეები
საქართველოდან კანადაში ექსპორტი 140%-ით არის გაზრდილი - საქსტატი
29.05.2026.19:00
საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. საქსტატის მონაცემების მიხედვით. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 21 663.7 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ოთხ თვეში მაჩვენებელი 22 160.6 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად, მიმდინარე წელს კანადასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2%-ით არის შემცირებული.
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ კანადაში 7 572.7 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 154.8 ათასი დოლარის. მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან კანადაში ექსპორტი 140%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადაში ყიდის:
სამაგიეროდ 26%-იანი კლებაა კანადიდან საქართველოში იმპორტის სტატისტიკაში. 2026 წლის ოთხ თვეში კანადამ საქართველოში 14 091.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 005.8 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადიდან ყიდულობს: