წლებია საქართველო ტოპ ათეულშია ბიზნესის კეთების სიმარტივით - ილია წულაია
წლებია საქართველო ტოპ ათეულშია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კომპანია შეგიძლია ერთ დღეში დაარეგისტრირო, საგადასახადო სისტემა ძალიან მარტივია, - განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ილია წულაიამ.
მისივე თქმით, თუ ადამიანს საქართველოში კონკურენტული ბიზნესის კეთება უნდა ძალიან ფართო შესაძლებლობებია ამისთვის.
“ამას დაემთხვა ის ფაქტორი, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ამანაც პოზიტიური გავლენა მოახდინა. ბევრი ინვესტიცია, როგორც მშვიდობიან ქვეყანაში, შემოვიდა საქართველოში, ამანაც გარკვეული ბუსტი მისცა ბოლო წლების ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, ჩვენ წინა წლებშიც ვნახეთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო.
ილია წულაიას განცხადებით, ქართული ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით სკეპტიკოსებს უარყოფითი პროგნოზების რეალური საფუძველი არ აქვთ.
“მე ოპტიმისტურად ვუყურებ პროცესებს და მჯერა პოზიტივის. ჩვენ, ბიზნესმენებმა, არ დავიჯერეთ ექსპერტების, როცა მძიმე პროგნოზებს აკეთებდნენ, ბიზნესმა გააგრძელა ხალხის დასაქმება”, - აღნიშნა ილია წულაიამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826